ცეცხლთაყვანისმცემელთა სალოცავი თბილისის ცენტრში | Allnews.Ge

ცეცხლთაყვანისმცემელთა სალოცავი თბილისის ცენტრში

სოლოლაკში, ზემო ბეთლემის ეკლესიიდან ორიოდე ნაბიჯზე, უძველესი ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი მდებარეობს. ათეშგა, ცეცხლის საგზნებელი, ასე ჰქვია აგურით ნაშენებ ძეგლს კლდისუბანში, გომის ქუჩაზე. თუმცა, იქვე, დაბლობში მცხოვრებთ წარმოდგენაც კი არ აქვთ მასზე. იქნებ იმიტომ, რომ ათეშგა დიდი ხანია საცხოვრებელი სახლების "ტყვეობაშია" მოქცეული და იქ მოხვედრა მხოლოდ ერთ-ერთი მობინადრის ეზოდან არის შესაძლებელი.

ამბობენ, ძეგლი იმდენად ძველია, რომ აქ ვარსქენ პიტიახშიც დადიოდა "სულის განსაწმენდადო". არავინ იცის, წმინდა დედოფლის, შუშანიკის მეუღლე მართლა სტუმრობდა თუ არა კლდისუბანს, მაგრამ ისტორიული წყაროები მოწმობენ, რომ ათეშგა IV-V საუკუნეების ძეგლია. შესაბამისად, მაზდეანურ (ცეცხლთაყვანისმცემელთა) სალოცავთა შორის მსოფლიოში უძველესი.

სახელწოდება "ათეშგა" მოდის სპარსული სიტყვიდან "ათეშგაჰ" და ცეცხლის ადგილს ნიშნავს. ცეცხლთაყვანისმცემელთა საკერპე ამ ადგილას უძველესი დროიდან მდგარა.

მემატიანის ცნობით, მაზდეანობა საკმაოდ ფეხმოკიდებული ყოფილა ვახტანგ გორგასლის დროს (V ს-ის II ნახ.) და ისიც იძულებული გამხდარა, ანგარიში გაეწია მისთვის. ამიტომაც ქრისტიან ეპისკოპოსთან ერთად, მეფის კარზე მოგვთა მოგვიც იჯდა, რომელსაც ქართული საისტორიო წყარო "სპარსთა ეპისკოპოსს" უწოდებს.

სპარსელ მოგვებს ოფიციალურად ჰქონდათ ქართლში თავისი სარწმუნოების პროპაგანდის უფლება. შესაძლოა ათეშგაც ვახტანგ გორგასლის დროს აშენდა. ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს მიერ VI ს-ში, ცეცხლთაყვანისმცემელთა ლიკვიდაციის შემდეგ, მისი ქრისტიანულ ქვეყანაში აშენება შეუძლებელი იქნებოდა.

ისტორიული ცნობით, ათეშგა 1724 წლიდან თბილისში გაბატონებულ თურქებს მეჩეთად გადაუკეთებიათ. 1735 წელს თურქების თბილისიდან განდევნის შემდეგ ნადირშაჰს დაუნგრევია.

ეკა ლომიძე

myquiz