ეს რეცეპტი არის მათთვის, ვისაც პასკის გამოცხობა აშინებს | Allnews.Ge

ეს რეცეპტი არის მათთვის, ვისაც პასკის გამოცხობა აშინებს

ამ პასკის სიმარტივე და საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ის ნედლ საფუარზე მზადდება, რაც გაძლევთ გარანტიას, რომ ცომი აუცილებლად აფუვდება და პასკაც ძალიან გემრიელი გამოვა, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. რეცეპტი მოგვაწოდეს კულინარიულმა ბლოგერებმა, რომელთა სხვა რეცეპტები შეგიძლიათ იხილოთ მათ "ფეისბუქ" გვერდზე "კურდღლის სორო".

ინგრედიენტები

 

ფქვილი - 7 ჭიქა

შაქარი - 2-3 ჭიქა

რძე - 1/2 ლ

კარაქი - 300 გ

კვერცხი - 3 ცალი + 1 კვერცხის გული

საფუარი ნედლი - 70 გ

არაყი ან კონიაკი - 1 ს/კ

მუსკატის კაკალი (ჯავზი) - 1/2 ჩ/კ

კარდამონი (ილი) - 1/2 ჩ/კ

დარიჩინი - 1 ჩ/კ

მიხაკი - 1/4 ჩ/კ (დაფქული)

ვანილინი - 3 შეკვრა

მომზადების წესები

თბილი რძე, 1 სუფრის კოვზი შაქარი, საფუარი, 3-ნახევარი ჭიქა ფქვილი კარგად ავურიოთ და 50 წუთით თბილ ადგილას გავაჩეროთ.

ამასობაში გავაკეთოთ გოლიმოგლი კვერცხებისგან და შაქრისგან. გავადნოთ კარაქი, ჩავყაროთ სანელებლები და გოგლიმოგლს შევურიოთ. გავცრათ დარჩენილი ფქვილი, ნელნელა დავუმატოთ მიღებულ მასას და კარგად ავურიოთ.

შევურიოთ ორივე მასა ერთმანეთს, დავუმატოთ ვანილი, კონიაკი და კარგად მოვზილოთ. რაც უფრო დიდხანს მოვზელთ ცომს, მით უფრო კარგია. სასურველია, მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში ვზილოთ.

მიღებული ცომი კარგად შევფუთოთ და სითბოში 2 საათით გავაჩეროთ. 2 საათის განმავლობაში ცომი 2 ჯერ უნდა ჩავზილოთ. ნედლ საფუარზე მომზადებული ცომი გაცილებით მალე ფუვდება, ამიტომ არ დაგავიწყდეთ ცომის დროულად შემოწმება და ჩაზელვა.

აფუებულ ცომს ბოლო ეტაპზე შეგვიძლია დავუმატოთ შოკოლადის ნატეხები, ცუკატები, ქიშმიში, ნუში, ფორთოხლის კარამელიზებული ცედრა. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც თქვენ მოგწონთ.

ცომი გავანაწილოთ პერგამენტის ფორმებში. საცხობი ფორმები ნახევრამდე ავავსოთ, თავზე ტილო დავაფაროთ და 40 წუთი გავაჩეროთ, რომ ცომი კვლავ ამოვიდეს. იმის შესამოწმებლად პასკა მზად არის თუ არა გამოსაცხობად, თითი ოდნავ დავაჭიროთ ცომს და თუ ჩვენი ანაბეჭდი დარჩა, ესეიგი ის მზადაა ღუმელში შესადებად.

პასკები გამოვაცხოთ 170 გრადუსზე. დიდი ზომის პასკებს საათი ან საათი და 10 წუთი სჭირდება, პატარებს საშუალოდ 30-40 წუთი.

პასკა გავაგრილოთ და მოვრთოთ თეთრი გამდნარი შოკოლადით, კვერცხის ცილაზე მომზადებული მინანქრით ან უბრალოდ შაქრის პუდრით.

myquiz