ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრები გაანადგურა, სიცოცხლის წარმოშობას მოჰფენს ნათელს | Allnews.Ge

ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრები გაანადგურა, სიცოცხლის წარმოშობას მოჰფენს ნათელს

მექსიკის კრატერი ჩიკსულუბი, რომელიც 65 მილიონი წლის წინ, ასტეროიდის ვარდნის შედეგად წარმოიქმნა, დედამიწაზე მიკროორგანიზმების წარმოშობას ნათელს ჰფენს - განცხადებას ამის შესახებ, ჰიუსტონში მდებარე პლანეტარული ინსტიტუტის სპეციალისტები ავრცელებენ.

მეცნიერებმა 180-კილომეტრიანი კრატერი 829 მეტრზე გაბურღეს. პალეონტოლოგებმა პირველ რიგში, კრატერის კედლების შესწავლა დაიწყეს, რომლის  ნაწილიც ამ მომენტისთვის მექსიკის ყურის ქვეშ არის მოქცეული და 600 მეტრიანი ნალექითაა დაფარული.

65 მილიონი წლის წინ, მომხდარმა მოვლენამ, გეოლოგიური საზომებით ძალიან მცირე პერიოდში, დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70-75%-ის გაუჩინარება გამოიწვია. მეცნიერთა უმეტესობა ამ მოვლენას სწორედ ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახებას უკავშირებს.

მკვლევართა მოსაზრებით, შეტაკებამ ხანძარი, მიწისძვრები და ძლიერი ცუნამი გამოიწვია. გეოლოგების თქმით, ამ მოვლენების შედეგად, ატმოსფეროში გაბნეულ მტვრის დიდ მასებს, დედამიწაზე რამდენიმეწლიანი გლობალური გამყინვარება შეიძლება გამოეწვია, რამაც ცოცხალი სხეულების გადაშენების პროცესი დააჩქარა.

მეცნიერთა თქმით, ჩიკსულუბის კრატერი შთამბეჭდავია იმდენად, რამდენადაც ამ ადგილზე შესაძლოა, ქიმიური ევოლუციის აკვანი და დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის პირველი კერები იყოს.

სპეციალისტების განმარტებით, დედამიწასთან მეტეორის შეჯახებას ცხელი წყაროების მსხვილი წყალქვეშა სისტემების შექმნა შეეძლო. მათი თქმით, თავდაპირველად, ეს წყლები ყველაზე გამძლე მიკროორგანიზმებისთვისაც კი ცხელი იყო, თუმცა მოგვიანებით, მათმა გაგრილებამ ერთუჯრედიანი ცოცხალი ორგანიზმების წარმოშობის საფუძველი გააჩინა.

ამ დროისთვის, გამოცანად რჩება კლიმატური კატასტროფის შედეგად, რატომ გადაშენდნენ დინოზავრები, მაშინ როდესაც რეპტილიების, ფრინველებისა და ცხოველებს სხვა სახეობებმა ეს მოვლენა უვნებლად გადაიტანეს?

"არ ვიცით, რატომ გადარჩნენ ფრინველები და რეპტილიების სხვა სახეობები, თუმცა კრატერის გაბურღვის შედეგად, შეტაკების სიმძლავრესა და გავრცელების ტრაექტორიაზე ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება, რაც ბევრ საკითხს ნათელს მოჰფენს"- განმარტა პალეონტოლოგმა.

myquiz