რა უნდა ვჭამოთ, თუ მთელი დღე სამსახურში ჯდომა გვიწევს | Allnews.Ge

რა უნდა ვჭამოთ, თუ მთელი დღე სამსახურში ჯდომა გვიწევს

დასაქმებულთა დიდ ნაწილს სამუშაო საათების გატარება მაგიდასთან უწევს. ყველამ იცის, რომ პერიოდულად უნდა ადგეს, ჰაერზე გავიდეს, ცოტა გაისეირნოს, მაგრამ ამას თითქმის არავინ აკეთებს. შედეგად გამოწვეული ყოველდღიური მცირე დისკომფორტი და წელის ან თავის ტკივილი თითქოს საყურადღებო და საგანგაშო არაა, მაგრამ, საბოლოოდ, ის სერიოზულ დაავადებებსა და სიმსუქნეს იწვევს.

მეცნიერებამ დაადასტურა, რომ გახანგრძლივებული ჯდომა მუდმივი შიმშილისა და ანთებითი პროცესების გააქტიურების გარდა, მაღალ წნევას, სისხლში შაქრის მომატებას და სხვა მრავალ პრობლემას იწვევს. საბოლოოდ, ჯანმრთელობის გაუარესების პარალელურად, შრომისუნარიანობის და ნაყოფიერების ხარისხი ქვეითდება.

აუცილებელია, რომ ნახევარ საათში ერთხელ ადგეთ და გაიაროთ.

რამდენიმე მეტრის გავლასაც თუ ვერ ახერხებთ, აუცილებლად გაჭიმეთ ხელები და ფეხები. შედეგად, თქვენი ორგანოების, სისხლის და კუნთების ფუნქციონირება ჩვეულ ნორმას დაუბრუნდება.

პარალელურად, ხანგრძლივი ჯდომით გამოწვეული რისკების თავიდან აცილებაში კვების რეჟიმიც დაგეხმარებათ. ჩვენ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც ჯანმრთელობისა და სხეულის ფორმის შენარჩუნებისთვის აუცილებელია.

კენკრა

Journal of Nutrition-ის თანახმად, კენკრა ხელს უშლის სხეულის გახურებას და ანთებითი პროცესების წარმოქმნას, რაც ხანგრძლივი ჯდომის თანმდევია. ის შეიცავს ძლიერ ფლავონოიდებს, რომლებიც ანთებით გენებს კლავს. კენკრეულს შორის კი ყველაზე მარგებელი მოცვია, რომელიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. უმჯობესია, თუ მოცვს სხვა ხილთან ერთად დილით მიირთმევთ.

თხილეული

თხილეული განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მცენარუელ ომეგა-3-ს შეიცავს. ამ მხრივ, კაკალი ყველაზე გამორჩეულია. ნებისმიერი თხილი ან კაკალი ანტიოქსიდანტი ვიტამინ E-ს საუკეთესო წყაროა. მათი მიღების შემდეგ, ორგანიზმში უჯრედების ჟანგვის პროცესი მცირდება. მეცნიერები გირჩევენ, ხშირად მიიღოთ თხილეულის უმარილო ასორტი.

ანანასი

ანანასი დიდი რაოდენობით ბრომელაინს შეიცავს, რომელსაც ანთებითი პროცესების საწინაააღმდეგო ქმედება გააჩნია. ბრომელაინით განსაკუთრებით მდიდარია პროდუქტის ღეროვანი, შედარებით მაგარი ნაწილი. უკეთესი შედეგის მისაღებად, სასურველია, რომ ხილის მაგარი ნაწილი შედარებით რბილ და ტკბილ მასასთან ერთად დააბლენდეროთ და ისე მიირთვათ.

ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთს იბუპროფენის მსგავსი ეფექტი გააჩნია და აქტიურად გამოიყენება ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ. ამავდროულად, ის გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად და წონის დასაკლებად არის სასარგებლო. ეცადეთ, ზეითუნის ზეთი თქვენს ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ.

კურკუმა

კურკუმა ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ქმედებით გამოირჩევა. ფანტაზია დაგეხმარებათ, გაამრავალფეროვნოთ თქვენი მენიუ და აქტიურად ჩართოთ მასში კურკუმა.

ნიორი

ნიორი გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე სხვა ნებისმიერი ბოსტნეული თქვენი მენიუდან. უმჯობესია, თუ ნიორს გარკვეული პერიოდი შეინახავთ და მერე გამოიყენებთ. ამ დროს სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მატულობს. უახლესმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ნიორი სისხლში შაქრისა და ცხიმის დონის რეგულირებას უწყობს ხელს.

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაის საუკუნეების განმავლობაში სასწაულს უწოდებდნენ და სახალხო მედიცინაში აქტიურად გამოიყენებდნენ. ბოლო პერიოდში კი აღმოჩნდა, რომ მას ანთების საწინააღმდეგო და გასახდომი ეფექტიც გააჩნია. გაითვალისწინეთ, რომ მწვანე ჩაი უნდა მიირთვათ უშაქროდ.

ავოკადო

ავოკადო კუნთოვან უჯრედებში ანთებით პროცესებს ამცირებს. ის ინსულინის მიმართ მდგრადობას ახშობს და მუცლის ცხიმის მოშორებისთვისაც სასარგებლოა. ძალიან კარგი იქნება, თუ ავოკადოს ნაჭრებს შეურევთ თქვენს სალათს ან მას სენდვიჩში გამოიყენებთ.

ცხიმიანი თევზი

 

ცხიმის ბევრი სახეობა (სოიოს, სიმინდის, მზესუმზისის, პალმის ზეთი) შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-6-ს, რაც ანთებით პროცესებს ხელს უწყობს. მათ საპირისპიროდ, თევზის ცხიმში ომეგა--3-ის მაღალი კონცენტრაცია გვხვდება. ამერიკაში ადამიანის დღიურ რაციონში ომეგა--6 -ისა და ომეგა--3-ის საშუალო ბალანსი არის 20:1. ის კი უნდა იყოს 1:1. ასე რომ, ხშირად მიირთვით თევზი, განსაკუთრებით, ორაგული.

სელის მარცვალი

სელის მარცვალიც მდიდარია ომეგა-3-ით. თუმცა ძალიან ადვილად კარგავს სასარგებლო თვისებებს. ამიტომ აუცილებელია, ის უშუალოდ მოხმარების წინ დაფქვათ. უკანასკნელი კვლევა ადასტურებს, რომ სელი და მისი ზეთი ორგანიზმს ცხიმის გადამუშავებაში ეხმარება.

მომზადებულია Time-ის მიხედვით

myquiz