იბტიჰაჯ მუჰამადი - პირველი ამერიკელი ოლიმპიელი ჰიჯაბით | Allnews.Ge

იბტიჰაჯ მუჰამადი - პირველი ამერიკელი ოლიმპიელი ჰიჯაბით

იბტიჰაჯ მუჰამადის დედა ყვება, რომ ნიუ-ჯერსის სკოლაში მისი შვილი დადიოდა ცურვაზე, სოფტბოლზე, მძლეოსნობასა და ფრენბურთზე. ოჯახში თვლიდნენ, რომ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა იბტიჰაჯს, მის სამ დასა და ერთ ძმას სასკოლო ცხოვრებაში ადაპტირებაში დაეხმარება.

პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ რელიგია იბტიჰაჯს ჩვეულებრივი სპორტული ფორმის ჩაცმას უკრძალავდა. ფრენბურთს ის ლეგინსებსა და პერანგში თამაშობდა, ხოლო ჩოგბურთსა და მძლეოსნობაზე ფართო სპორტული შარვლით და ჰიჯაბით თავზე დადიოდა.

სკოლაში იბტიჰაჯს დასცინოდნენ, თუმცა, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ შეურაცხყოფა ჩვეული ამბავი გახდა. ამის გამო იბტიჰაჯის მშობლები უფრო ენერგიულად შეუდგნენ სპორტის ისეთი სახეობის ძებნას, სადაც მათ შვილს ეკიპირებასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნებოდა. ასე იბტიჰაჯის მშობლებმა გადაწყვიტეს ძალები გამოეცადათ ფარიკაობაში, სადაც სპორტსმენის სახე და ტანი მთლიანად დაფარული იქნებოდა უნიფორმით. "მაშინ ნიუ-ჯერსიში ფარიკაობა თეთრკანიანების სპორტი იყო. როდესაც მე შეჯიბრებში ვმონაწილეობდი, ხშირად მესმოდა, როგორ მეძახდნენ შავს ან მუსლიმს. ეს ძალიან მტკენდა გულს", - იხსენებს 30 წლის იბტიჰაჯი.

მისი თქმით, ფარიკაობაში საჭიროა იყო "სუპერგამბედავი" და არასოდეს ყოყმანობდე.

სკოლის დამთავრების შემდეგ ბტიჰაჯმა ჯერ დიუკის უნივერსიტეტში სპორტული სტიპენდია მიიღო, ხოლო სამ წელიწადში აშშ-ს მოფარიკავეთა ნაკრებში მოხვდა. 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ გამოსვლებში მან ვერცხლის, ხოლო 2014 წელს - ოქროს მედალი მოიპოვა. რიოს ოლიმპიადაზე იბტიჰაჯი ქვეყნის მეორე მოფარიკავის სტატუსით გაემგზავრა, მსოფლიო რეიტინგში კი ის მე-8-ე ადგილს იკავებს.

ფარიკაობა ქალებს შორის რუსეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. გუნდური შეჯიბრის ნახევარფინალში რუსებმა აშშ-ს ნაკრებს სძლიეს და იბტიჰაჯ მუჰამადი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

მაგრამ მუჰამადისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ იბტიჰაჯი აშშ-ს ოლიმპიური ნაკრების ისტორიაში, ჰიჯაბით მოასპარეზე პირველი სპორტსმენი გახდა.

"მე ხშირად მეკითხებიან, ჰიჯაბს რომ ატარებ, არ გცხელაო? მაგრამ თქვენ ხომ იცვამთ პერანგსა და შარვალს ყველაზე ცხელ დღესაც კი. მეც არ გავდივარ სახლიდან ჰიჯაბის გარეშე.

აშშ-ში ჰიჯაბის ტარებას ქალებს არავინ აძალებს, ეს ჩემი შეგნებული გადაწყვეტილებაა", - ამბობს იბტიჰაჯი.

რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში იბტიჰაჯმა გაიხსენა ისტორია, როდესაც თანამედროვე კულტურის ერთ-ერთ მსხვილ ამერიკულ ფესტივალზე, სადაც ის სპიკერის რანგში იმყოფებოდა, ორგანიზატორებმა მას ჰიჯაბის მოხსნა სთხოვეს. ასევე გაიხსენა, თუ როგორ ჰკითხა ერთხელ ქუჩაში გამვლელმა მამაკაცმა, აპირებს თუ არა ის რამის აფეთქებას.

მიუხედავად ამისა, მუჰამადი ირწმუნება, რომ ბედნიერია რადგან შეუძლია ებრძოლოს სტერეოტიპებს. "თუკი მე შემიძლია შთაგონების წყარო ვიყო არა მხოლოდ ახალგაზრდა მუსლიმებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისთვისაც ოდესმე უთქვამთ, რომ სადღაც მათი ადგილი არაა, იმიტომ რომ ისინი რამით განსხვავდებიან სხვებისგან... თუკი მე შემიძლია ვუბიძგო ქალებს აქტივობისკენ, მაშინ ყველაფერი რიგზეა", - ამბობს იბტიჰაჯი.

მართალია, იბტიჰაჯ მუჰამადი არაა პლანეტის საუკეთესო მოფარიკავე. მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ მისი სპორტული კარიერა ტყუილად არ ჩაივლის. იბტიჰაჯის თქმით, მას ხშირად წერენ უცნობი მუსლიმები, რომლებსაც ბავშვის სპორტზე შეყვანა უნდათ, მაგრამ უარის თქმის ეშინიათ. იბტიჰაჯი ყველას ერთსა და იმავეს პასუხობს: "ნორმალურია, ატარო ჰიჯაბი და დაკავდე სპორტით".

myquiz