როგორ მივხვდეთ გვატყუებენ თუ არა | Allnews.Ge

როგორ მივხვდეთ გვატყუებენ თუ არა

იმის დადგენა, ცრუობს თუ არა ადამიანი, მხოლოდ 54% შემთხვევებში შეგვიძლია, - აღნიშნავს ქცევითი მეცნიერების ინგლისელი სპეციალისტი გორდონ რაითი.

მისი თქმით, სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად ცრუობს. გარდა ამისა, ჩვენ აპრიორი მივიჩნევთ, რომ ჩვენი თანამოსაუბრე სიმართლეს ამბობს.

"თუკი ჩვენ არ დავიჯერებთ, რომ ადამიანები აპრიორი სიმართლეს ამბობენ, კომუნიკაციის მთელი პროცესი უბრალოდ ჩაიშლება", - ამბობს რაითი.

"ადამიანების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ მატყუარები ცდილობენ თვალი აარიდონ თანამოსაუბრეს ან მათ გაურბით თვალები, თუმცა, ამას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია", - აცხადებს ბერკლის კალიფორნიული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ლიანა ტენ ბრინკე.

სინამდვილეში ყველაფერი საპირისპიროდ ხდება - მატყუარები თანამოსაუბრეებს პირდაპირ თვალებში უყურებენ, ვინაიდან იციან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ, შესაძლოა, არ დაუჯერონ.

გაცილებით მეტს ამბობს სახის გამომეტყველება.

როდესაც ადამიანები ცრუობენ, ისინი ცდილობენ კონტექსტის შესაბამისი ემოციების იმიტირებას, მაგრამ ყალბ ემოციებზე სახის კუნთები არ რეაგირებს.

ამის კარგი მაგალითია ღიმილი. გულწრფელი ღიმილის დროს მოქმედებაში მოდის თვალების გარშემო ნაოჭებზე პასუხისმგებელი კუნთები. ყალბი ღიმილის დროს კი ტუჩის კუთხეები ადის ზემოთ, თუმცა თვალების გარშემო მდებარე კუნთები უძრავი რჩება.

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მეთოდიკა

ცრუობს თუ არა თქვენი თანამოსაუბრე, შესაძლებელია დაადგინოთ თქვენს შეკითხვებზე მისი რეაქციის მიხედვით.

ეჭვმიტანილებისა და მოწმეების დაკითხვის მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე მაიკლ ფლოიდმა და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში მომუშავე მისმა კოლეგებმა შექმნეს ტყუილის დადგენის მეთოდი, რომელიც დასმულ კითხვებზე პასუხების გააანალიზებაზეა დაფუძნებული.

ფლოიდის თქმით, ყურადღებას 5 მომენტი იმსახურებს:

• განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არავერბალური სიგნალები. თუკი ადამიანი აქტიურად ჟესტიკულირებს, იდებს ხელებს სახეზე ან ხშირად ახველებს, არაა გამორიცხული, რომ ის ცრუობდეს.

• ტყუილის კიდევ ერთი ნიშანი - პასუხისგან თავის არიდების მცდელობაა.

• მესამე ნიშანი - დაჟინებული მტკიცება, რომ ყველაფერი რიგზეა.

• თანამოსაუბრის მიმართ აგრესიის გამოხატულება ასევე ტყუილის სავარაუდო ნიშანია.

• მანიპულირება - სიტუაციის გაკონტროლების მცდელობისას ადამიანი იმეორებს თქვენს კითხვებს ან ამბობს ფრაზებს, რომლებსაც პასუხთან არაფერი აქვთ საერთო. მაგალითად, "ეს კარგი კითხვაა".

ფლოიდის თქმით, ჩამოთვლილი ხუთი ნიშანიდან მინიმუმ ორის არსებობის შემთხვევაში მას უჩნდება ეჭვი, რომ თანამოსაუბრე ცრუობს.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

myquiz