არასრულწლოვანი დედები და მათი ისტორიები | Allnews.Ge

არასრულწლოვანი დედები და მათი ისტორიები

მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 2 მილიონამდე გოგონა 15 წლამდე ასაკში ხდება დედა.

ახალგაზრდა დედები საფრთხის ქვეშ აყენებენ არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ ხშირად იძულებულნი არიან შეწყვიტონ სწავლა და დაემშვიდობონ კარიერის შექმნის პერსპექტივებს.

ქალების ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ დაგეგმილი კონფერენციის წინ, კოპენჰაგენში ფოტოგრაფი და რეჟისორი პიტერ ტენ ჰუპენი რამდენიმე გოგონას შეხვდა, რომლებმაც მოზარდობის ასაკში იმშობიარეს. ასეთია მათი ისტორიები:

1. კეიას და მის მეუღლეს შეუყვარდათ ერთმანეთი და მშობლების უარის მიუხედავად, მათ ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს, როდესაც კეია 13 წლის იყო. მშობიარობისას ძლიერი სისხლდენის გამო კეია ძლივს გადარჩა.

 "როდესაც მე 13 წლის ასაკში გავთხოვდი, ბედნიერი ვიყავი, - ამბობს კეია. - სკოლაში მხოლოდ ერთი წელი ვიარე, რადგანაც ჩემს ოჯახს ფული საერთოდ არ ჰქონდა. ჩემი მეუღლე მეზობლად ცხოვრობდა და გაცნობისთანავე მივხვდი, რომ მას უნდა გავყოლოდი ცოლად".

  

2. 15 წლის ანა საკუთარ ქალიშვილთან, მშობლებთან და ორ დასთან ერთად ერთ-ერთი კოლუმბიური ქალაქის გარეუბანში ცხოვრობს. იგი მერვე კლასში სწავლობდა, როდესაც მეგობარი მამაკაცისგან დაფეხმძიმდა, რომელმაც ის მალევე მიატოვა.

 

 

3. 15 წლის აისა 13 თვის ქალიშვილ ფატისთან, დედასთან და ორ დასთან ერთად ბურკინა-ფასოს ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. იგი მასწავლებლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა და დაფეხმძიმდა. ამის გამო მასწავლებელი სკოლას 1 წლით ჩამოაშორეს.

 

 

4. 2010 წელს ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ელიანე მამასთან ერთად შიდა ლტოლვილებისთვის განკუთვნილ ბანაკში ცხოვრობს. იგი საკუთარი მეგობარი მამაკაცისგან დაფეხმძიმდა და იძულებული იყო სწავლა შეეწყვიტა. მშობიარობის მერვე თვეს მან ვაჟი გააჩინა, რომელიც მალევე გარდაიცვალა.

 

5. 15 წლის ამირა, მეუღლესთან და ორ შვილთან - 1 წლის სამერთან და 12 დღის ამალთან ერთად იორდანიაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობს. მშობლიურ სირიაში დაწყებული ომის გამო მას სწავლის შეწყვეტა მოუხდა. ამირა 13 წლის ასაკში გათხოვდა, მისი ორივე შვილი კი ბანაკის სამშობიაროში გაჩნდა.

ზიმბაბვეში 18 წლამდე მოზარდების ქორწინება აიკრძალა

6. 14 წლის მულენგა ქალიშვილთან, მშობლებთან, მამის მეორე მეუღლესთან და 10 დედმამიშვილთან ერთად ზამბიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ის სკოლაში სწავლობდა, ექიმის კარიერაზე ოცნებობდა, მაგრამ ერთ დღეს დედამისმა გაიგო, რომ მულენგა ფეხმძიმედაა.

"დედობა ძალიან რთულია. მე სათამაშოდ დრო აღარ მრჩება. მე უნდა ვიჯდე სახლში და ქალიშვილს მოვუარო. ბავშვის გაჩენამდე ვთამაშობდი და ვერთობოდი. ფეხბურთის თამაში მიყვარდა".

 

 

 

7. 15 წლის პოკო საკუთარ 3 წლის ვაჟიშვილ ტიგასთან, მშობლებთან, ბებიასთან და დეიდასთან ერთად ბურკინა-ფასოში ცხოვრობს. მშობიარობისას ის ძლივს გადაარჩინეს ექიმებმა. პოკო ღარიბი ოჯახიდანაა და სწავლის საფასურს ვერ იხდის.

 "12 წლის ასაკში დავფეხმძიმდი. მაშინ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მეგობარმა ბიჭმა, რომელსაც ვხვდებოდი, თავის სახლში დამპატიჟა. არ ვიცოდი, რა უნდოდა, მაგრამ მან მითხრა, რომ როდესაც დაღამდება, ჩვენ ერთად დავიძინებდით".

 

 

8. 15 წლის ტენდივე საკუთარ 9 თვის ქალიშვილ ანასთან, მეუღლესთან და მის ნათესავებთან ერთად ზამბიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. როდესაც ტენდივე დაფეხმძიმდა, მას სკოლის დატოვება და ბავშვის მამასთან დაქორწინება მოუხდა.

"მე დღემდე არ ვგრძნობ თავს დედობისთვის მზად, იმიტომ რომ არ ვაპირებდი ასეთ ადრეულ ასაკში დაფეხმძიმებას. მანამდე მეექვსე კლასში ვსწავლობდი. მზარეულობა და ქალაქში მუშაობა მინდოდა. მერე მეცხრეკლასელი ბიჭი გავიცანი. ჩვენ სერიოზული ურთიერთობა არ გვქონია, სულ რამდენიმეჯერ შევხვდით ერთმანეთს. როდესაც ფეხმძიმობის შესახებ გავიგე, ძალიან შემეშინდა. ჩემმა მშობლებმა მეუღლის სახლში წამიყვანეს და იქ დამტოვეს. მე არ მინდოდა, მაგრამ გათხოვება დამაძალეს".

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

"10 წლის ვარ და უკვე განქორწინებული" - რა არის ადრეული ქორწინება

myquiz