როგორ მივიდა კაცობრიობა ანბანურ დამწერლობამდე | Allnews.Ge

როგორ მივიდა კაცობრიობა ანბანურ დამწერლობამდე

დამწერლობა კაცობრიობის უდიდეს გამოგონებათა რიცხვს მიეკუთვნება.

მის განვითარებას მრავალსაუკუნოვანი წინაპირობა აქვს.

ანბანურ დამწერლობას წინ დამწერლობის სხვა ტიპები უძღოდა, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი ფაქტისა თუ მოვლენის ფიქსაციას ახდენდა.

თავდაპირველად დამწერლობა ხატოვანი იყო. ის ნაწილობრივ დღესაც გამოიყენება. მაგალითად, რეკლამები, რომლებიც მაღაზიაზეა გაკეთებული, მიგვანიშნებს თუ რა იყიდება ამა თუ იმ მაღაზიაში.

ხატოვანი დამწერლობის შექმნა ტომთა კავშირებმა, სამხედრო ცნობების მანძილზე გადაცემის აუცილებლობამ და სხვა მოვლენებმა განაპირობა.

ხატოვან დამწერლობას მხოლოდ მარტივი ინფორმაციის გადმოცემა შეეძლო, ამიტომ დროთა განმავლობაში საჭირო გახდა მისი განვითარება, ამგვარად შემდეგი ეტაპი იყო ლოგოგრაფიული დამწერლობის ჩამოყალიბება.

ლოგოგრამები ხატოვანი დამწერლობისგან განსხვავებით სიტყვებს გამოხატავდა და არა მთლიან აზრს. მისი უძველესი სისტემები (ეგვიპტური, წინააზიური, წინაინდური, კრიტული, ჩინური) ჩვენს ერამდე მე-4 ათასწლეულის მიწურულს და მე-2 ათასწლეულის დასაწყისში შეიქმნა.

ცხადია, დამწერლობის ეს ტიპიც არ იყო სრულყოფილი, მეტიც, მისით მხოლოდ გარკვეული ნაწილი სარგებლობდა, ამიტომ მოგვიანებით, ლოგოგრაფიული დამწერლობის მოუხერხებლობამ დამწერლობას განვითარების საშუალება მისცა და მარცვლოვანი დამწერლობა ჩამოყალიბდა. დამწერლობის ეს ტიპი განსაკუთრებით ინდოეთსა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში იყო გავრცელებული.

რაც შეეხება მისგან განვითარებულ პირველ თანმიმდევრულ ანბანურ დამწერლობას (ბგერითი დამწერლობა), რომელსაც დღეს ხალხთა უმრავლესობა იყენებს, ფინიკიელებმა ჩვ. ერამდე მე-2 ათასწლეულში შექმნეს.

ანბანური დამწერლობის განვითარება კი ჩვენს ერამდე I ათასწლეულში დაიწყო.

ეს მისმა სიმარტივემ განაპირობა.

ფინიკური დამწერლობის საფუძველზე შემდგომ ბერძნული დამწერლობა ჩამოყალიბდა, რომლისგანაც ერთ-ერთი თეორიის მიხედვით სხვა დანარჩენთან ერთად ქართული ანბანიც მომდინარეობს.

ნათია ჯიჯავაძე

myquiz