21 ოფიციალური უქმე დღე - იხილეთ ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი დასვენების დღეა | Allnews.Ge

21 ოფიციალური უქმე დღე - იხილეთ ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი დასვენების დღეა

ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა, რომელიც შეხვედრებს და საქმიან ტურებს საზღვარგარეთ ხშირად მართავს, უნდა იცოდეს იმ ქვეყნის სახელმწიფო დასვენების დღეები, სადაც მიემგზავრება.

ოფიციალური დასვენების დღეების შესახებ ინფომირებული უნდა იყვნენ სხვა ქვეყანაში დასაქმების სურვილის მქონე ადამიანებიც, ვინაიდან მსგავსი ინფორმაცია ამ ქვეყანაში შრომის პოლიტიკის შესახებ საერთო სურათს ქმნის.

ვებგვერდმა "ვეგომ", რომელიც სამოგზაურო საძიებო წყაროს წარმოადგენს, იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, რომელთაც ყველაზე მეტი ოფიციალური დასვენების დღე აქვთ. თუმცა, ოფიციალური უქმეების რიცხვის ზუსტად განსაზღვრა რთულია, ვინაიდან მონაცემები ყოველ წელს იცვლება. ცვლილება დამოკიდებულია კულტურულ და რელიგიურ დღესასწაულებზე.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით შობას ყველაზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

როგორც "ვეგომ" დაადგინა, მსოფლიოში ყველაზე მეტი დასვენების დღე ინდოეთშია. ამ ქვეყანაში 21 ოფიციალური უქმე დღეა. თუმცა, ინდოეთის ზოგიერთ შტატში შესაძლოა, უფრო მეტი დასვენების დღეც იყოს. ინდოეთის შემდეგ, ყველაზე მეტი ოფიციალური დასვენების დღის მიხედვით გამოირჩევა ფილიპინები (18) და ჩინეთი (17). ევროპაში კი ამ მხრივ შვედეთი და ლიტვა ლიდერობენ, სადაც 15 ოფიციალური დასვენების დღეა. მას მოჰყვება ავსტრია, სლოვაკეთი, გერმანია, ბელგია და ნორვეგია.

საქართველოშიც 15 ოფიციალური უქმე დღეა. მათ შორის 8 რელიგიური დღესასწაულია.

რა შეეხება იმ ქვეყნებს, რომელთაც ყველაზე ნაკლები ოფიციალური უქმე დღე აქვთ, ამ მხრივ მექსიკა ერთ-ერთი ლიდერია. ამ ქვეყანაში დასაქმებულები მხოლოდ 6 ოფიციალური უქმე დღით სარგებლობენ.

myquiz