რომელ ქვეყანაში სძინავთ ყველაზე დიდხანს? | Allnews.Ge

რომელ ქვეყანაში სძინავთ ყველაზე დიდხანს?

ამერიკელმა მეცნიერებმა, მობილური აპლიკაციის საშუალებით, სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ძილის თავისებურობებზე შეაგროვეს მონაცემები.

გამოცემა Science Advances-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ჰოლანდიელები ერთი საათით მეტხანს ატარებენ ლოგინში, ვიდრე სინგაპურელები ან იაპონელები.

ყველაზე ნაკლებ დროს ლოგინში საშუალო ასაკის მამაკაცები ატარებენ.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემები დაეხმარება მათ, გაუმკლავდნენ ე.წ. ძილის გლობალურ კრიზისს. მათ დაადგინეს, რომ სოციალური და კულტურული ზეწოლა, რომელსაც თამანედროვე ადამიანი განიცდის, ართმევს მას ძილისთვის განკუთვნილ დროს.

"ჩვენი მოსაზრებით, სოციალურ ზეწოლას შეუძლია, ორგანიზმის ბიოლოგიური მოთხოვნილებები შეასუსტოს. ამ ფაქტორების შედეგად, ადამიანი გვიან იძინებს, რაც ძილის ხანგრძლივობის შემცირებას იწვევს“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევა 2 წლის წინ დაიწყო, როცა მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მობილური აპლიკაცია Entrain-ი შექმნა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებმა 100 ქვეყნიდან მეცნიერებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს.

შედეგად გაირკვა, რომ სინგაპურსა და იაპონიაში მოსახლეობას საშუალოდ 7 საათი და 24 წუთი სძინავს, ნიდერლანდებში - 8 საათი და 12 წუთი, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში კი - 8 საათი.

კვლევის მონაწილე, პროფესორი დენიელ ფორჯერი ამბობს, რომ არსებობს სრული შეუსაბამობა ჩვენს სურვილს შორის დავწვეთ რაც შეიძლება გვიან და ორგანიზმის მოთხოვნილებას შორის, ადგეს რაც შეიძლება ადრე.

"საზოგადოება იმისკენ გვიბიძგებს, რომ სულ უფრო გვიან ვიძინებდეთ, ჩვენი ბიოლოგიური საათები კი გვაიძულებენ ადრე ავდგეთ. შედეგად ზარალდება ძილის ხანგრძლივობა და ეს, ჩვენი მოსაზრებით, ძილის გლობალური კრიზისის ნაწილია“, - ამბობს პროფესორი.

კვლევის დროს ასევე გაირკვა, რომ 30-60 წლის ქალებს საშუალოდ, 30 წუთით ნაკლები სძინავთ ვიდრე მამაკაცებს. გარდა ამისა, ასაკის მატებასთან ერთად იცვლება ორგანიზმის გამძლეობაც. მაგალითად, თუ ახალგაზრდა ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაძინება და გაღვიძება, ასაკში შესული ადამიანების ორგანიზმი ამის უნარს კარგავს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ძილის გლობალური კრიზისის უკეთესად შესწავლისთვის საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, თუმცა უკვე დღეს ცნობილია, რომ არარეგულარული ძილი სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის დიაბეტის ერთ-ერთ სახეობას იწვევს.

 

ძილი - სტრატეგიული რესურსი დამსაქმებლებისთვის

რა ხდება ორგანიზმში ერთკვირიანი უძილობის დროს?

myquiz