უნიკალური პროდუქტი თაფლი - ფაქტები და სტატისტიკა | Allnews.Ge

უნიკალური პროდუქტი თაფლი - ფაქტები და სტატისტიკა

თაფლი უნიკალური პროდუქტია, რომლის წარმოების ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ადამიანებმა თაფლის წარმოება პირველად დაახლოებით 8 000 წლის წინ დაიწყეს. ამის დამადასტურებელი ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გამოქვაბულში აღმოჩენილი ნახატებია.

თაფლის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოსაც, სწორედ საქართველოში აღმოაჩინეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად მსოფლიოში უძველესი თაფლის ნიმუშები. კერძოდ, ბორჯომის რაიონში 2003 წელს გათხრების შედეგად მიაკვლიეს ჭურჭელს, რომელშიც თაფლი იყო მოთავსებული. არქეოლოგების თქმით, იგი 4 700- 5 500 წლის წინანდელია.

როგორც მეცნიერები ამბობენ, საქართველოში უძველესი დროიდან რამდენიმე სახის თაფლს ამზადებდნენ, მათ შორის ცაცხვის, მინდვრის ყვავილებისა და კენკრისგანაც.

საქართველოში თაფლი დღესაც აქტიურად იწარმოება. დიდი ნაწილი ექსპორტზეც გადის. 2015 წლის დაუსრულებელი მონაცემებით, საქართველოდან 73.1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ნატურალური თაფლის ექსპორტი განხორციელდა, 2014 წელს ამ მონაცემებმა 54,2 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელს კი 116,7 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ნატურალური თაფლის ექსპორტი განხორციელდა.

თუმცა, როგორც მოსალოდნელია, თაფლის ექსპორტის მოცულობა გაიზრდება, ვინაიდან ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში სწორედ თაფლის ექსპორტზეა მუშაობა დაწყებული.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით თაფლის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ჩინეთია, რომელზეც თაფლის წარმოების 28 პროცენტი მოდის. ჩინეთის გარდა, თაფლის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყნებია თურქეთი, არგენტინა, უკრაინა, აშშ და რუსეთი.

2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 1,7 მილიონი ტონა თაფლი აწარმოეს.

myquiz