უძველესი ქართული სპორტული თამაშები, რომლებიც დღესაც იმართება | Allnews.Ge

უძველესი ქართული სპორტული თამაშები, რომლებიც დღესაც იმართება

საქართველო უმდიდრესი კულტურისა და ისტორიის ქვეყანაა. აქ ბევრი ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის და დღემდე გრძელდება. ასეთებია ტრადიციული სპორტული თამაშებიც, როგორიცაა: ბერიკაობა, ასპარეზობა, თარჩია, ლელო, ყაბახი, ასკინკილა და სხვ. რომელთა მიზანი არამხოლოდ გართობა და დროის გაყვანა, არამედ ფიზიკური ჯანმრთელობისა და სიმამაცის გამოწვრთნა იყო.

ასკინკილა - ეს საბავშვო თამაშია, ცალ ფეხზე ხტუნვა-სირბილი. მას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ: აღმოსავლეთ საქართველოს მთიან კუთხეებში "კინკილაობას", "სალაობას", "ლიპარიტს", ხოლო სვანეთში "კირინკაჩხვს" ან "ჭირინჭვას" ეძახიან. ხშირად ეს თამაში ორ გუნდს შორის სირბილში შეჯიბრებას გულისხმობს: მიწაზე დახაზავენ 8 ან 10 უჯრედს და ასკინკილათი ფეხის წვერით ბრტყელი ქვა გადააქვთ ერთი უჯრედიდან მეორეში. მოგებულია ის, ვინც ბოლომდე გავა. ბავშვების გასართობად ეს თამაში დღემდეა შემორჩენილი.

ასპარეზობა - ცხენოსნობასთან და ცხენთან დაკავშირებულ თამაშობებს ერქვა. ასპარეზობის სახეებიდან საქართველოში გავრცელებული იყო ცხენოსნობა - დგენა, დოღი, მარულა, ჯირითი, თარჩია, ბურთაობა - ჩოგანბურთი, გადრი, რადი, საგანთსროლა - ყაბახი, აშფაშაგი და სხვ. ასპარეზობის ნაირსახეობები დღეს მრავლადაა შემორჩენილი, ძირითადად ზაფხულში მთაში იმართება. მაგალითად, გურიის კურორტ ბახმაროში ყოველი წლის აგვისტოში, დოღი იმართება, სადაც ძირითადად, გურიიდან და აჭარიდან ჩასული მხედრები იღებენ მონაწილეობას.

ბერიკაობა - ეს თამაში ქართული ხალხურ ნიღბების თეატრს წარმოადგენს. თვით ტერმინი ბერიკაობა ნიშნავს განაყოფიერების სადიდებელ სანახაობას. ეს ტერმინი მოდის ძირიდან "ბერ" - შვილი.

ბერიკები, იყვნენ ბერიკაობის დამდგმელები, რომელთა ნიჭზე იყო დამოკიდებული თეატრალური სანახაობის შექმნა. ისინი სხვადასხვა ნიღბით ასრულებდნენ წარმოდგენას. ეს სანახაობები დროთა განმავლობაში იცვლებოდა.

მესხურ სოფლებში დღესაც იმართება ბერიკაობა. იგი ადრე გაზაფხულზე, აღდგომის დიდმარხვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე იწყება და კვირის განმავლობაში გრძელდება. ბერიკაობაში ისინი მონღოლების მიერ დაპყრობილ საქართველოში არსებულ მდგომარეობას თამაშობენ. იგი ასახავს მონღოლთა ყაენის დიდი მოურავის სოფელში მოსვლას და მის მიერ ჩატარებულ სადამსჯელო ეპიზოდებს.

ლახტაობა - ქართული ხალხური თამაშია. სათამაშოდ 3-4 მეტრის რადიუსია მოედნად აღებული. მოთამაშეები ორ ჯგუფად იყოფიან - თავდამსხმელებისა და თავდამცველების ჯგუფებად, რომლებიც ლახტებს და თავიანთ თავს იცავენ. მესხეთში ეს უძველესი ქართული ხალხური თამაში დღესაც იმართება.

ძველ საქართველოში ლახტაობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თამაში იყო. მისი მიზანი ახალგაზრდებში ვაჟკაცობის თვისებების გაძლიერება იყო.

ლელო - ეს თამაში რაგბის ქართული წინამობედია. იგი დასავლეთ საქართველოში გავრცელებული გუნდური თამაში იყო. როგორც აკადემიკოსი ნიკო მარი ამბობს, ეს თამაში ბასკეთშიც ყოფილა გავრცელებული, სადაც გამარჯვებულები ლელოს გატანის დროს სიხარულს შეძახილით - "ლელო" - გამოხატავდნენ. ეს სახელი მზის კულტთან დაკავშირებული ღვთაების სახელი იყო.

ტრადიციული ძველი ლელო დღესაც იმართება ყოველ აღდგომას გურიაში, სოფელ შუხუთში. სოფელი ორ დაპირისპირებულ ბანაკად იყოფა და თოთოეული პირველობის მოსაპოვებლად იბრძვის.

ნათია ჯიჯავაძე

myquiz