ემანუელ მაკრონი პუტინზე - მას თავისი წარმოდგენა აქვს მსოფლიოს მოწყობაზე | Allnews.Ge

ემანუელ მაკრონი პუტინზე - მას თავისი წარმოდგენა აქვს მსოფლიოს მოწყობაზე

ასადი არ არის ჩვენი მტერი, ის სირიელი ხალხის მტერია, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რვა ევროპული გამოცემისთვის (Le Figaro, Suddeutsche Zeitung, Le Soir, The Guardian, Corriere Della Serra, El Pais, Gazeta Wiborcza და Le Temps) მიცემულ ინტერვიუში.

ინტერვიუში ის ასევე შეეხო მის ურთიერთობას რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან.

"მე პატივს ვცემ ვლადიმერ პუტინს. მასთან აზრთა კონსტრუქტიული გაცვლა მქონდა. ჩვენ შეუთანხმებლობა გვაქვს, განსაკუთრებით უკრაინის საკითხზე. მე მას დიდ ხანს ვესაუბრე პირისპირ საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებზე, ასევე რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფლებების დაცვაზე. ეს ჩემი პოზიციაა. მე ყველა ჩემს პარტნიორს მტკიცედ ვეუბნები სათქმელს. უკრაინის საკითხს განვაგრძობთ მინსკის შეთანხმებებისა და ნორმანდიის ფორმატში", - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა ამოძრავებს ვლადიმერ პუტინს.

"მას სურს ძლიერი რუსეთის აღდგენა. რუსეთი თვითონ არის ტერორიზმის მსხვერპლი. არ ვფიქრობ, რომ პუტინს ბაშარ ალ-ასადთან ერთგული მეგობრობა აკავშირებდეს. მას ორი მიზანი აქვს: ტერორიზმთან ბრძოლა და სირიაში სახელმწიფოს ჩამოშლის თავიდან აცილება. ამიტომაც არის, რომ სირიის საკითხზე საერთო წერტილები ჩნდება. ასადი არ არის ჩვენი მტერი, ის სირიელი ხალხის მტერია. ვლადიმერ პუტინის მიზანია დიდი რუსეთის აღდგენა, ვინაიდან მისი აზრით, ეს მისი ქვეყნის გადარჩენის პირობაა. ნუთუ ის ცდილობს ჩვენს შესუსტებას ან გაქრობას? არა მგონია. მას თავისი წარმოდგენა აქვს მსოფლიოს მოწყობაზე. რაც შეხება ინდივიდუალურ თავისუფლებებს და ფუნდამენტურ უფლებებს, მე ძალიან მომთხოვნი ვიქნები. ჩვენ ერთი ვალდებულება გვაქვს: დავიცვათ ევროპა და რეგიონში ევროპის მოკავშირეები", - დასძინა ემანუელ მაკრონმა.

myquiz