The Washington Post - დონალდ ტრამპმა შესაძლოა, სრულიად საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა სერგეი ლავროვს | Allnews.Ge

The Washington Post - დონალდ ტრამპმა შესაძლოა, სრულიად საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა სერგეი ლავროვს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, სრულიად საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და აშშ-ში რუსეთის ელჩს სერგეი კისლიაკს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე.

აღნიშნულის შესახებ ამერიკული გაზეთი The Washington Post აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება. გაზეთის ინფორმაციით, "ტრამპის მიერ ამ მონაცემების გასაჯაროებამ საფრთხის ქვეშ დააყენა აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" შესახებ ინფორმაციას აწვდის".

როგორც The Washington Post-ის წყარო იუწყება, შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა პროტოკოლი დაარღვია და "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ახალი საფრთხეების დეტალებზე დაიწყო საუბარი, რომელიც თვითმფრინავებში ლეპტოპების გამოყენებას უკავშირდება.

"მე შესანიშნავ სადაზვერვო ინფორმაციას ვიღებ. მე მყავს ხალხი, ვინც ყოველდღიურად სრულყოფილ სადაზვერვო ინფორმაციას მაწვდის", - განუცხადა დონალდ ტრამპმა ლავროვსა და კისლიაკს, The Washington Post-ის წყაროს თქმით.

The Washington Post-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და რუსეთის ელჩთან "ისლამური სახელმწიფოს" შესახებ ის ინფორმაცია განიხილა, რომელიც აშშ-მ თავისი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნისგან მიიღო. კერძოდ, ტრამპმა დეტალურად განიხილა როგორ შეუძლიათ ტერორისტებს გარკვეული თავდასხმების განხორციელება; ტრამპმა ასევე დაასახელა "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქი, სადაც აშშ-ის პარტნიორმა ქვეყანამ, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის კუთხით, ახალი საფრთხე აღმოაჩინა. როგორც The Washington Post-ს წყარომ განუცხადა, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და რუსეთის ელჩს იმ ნაბიჯებზე უამბო, რომელიც აშშ-მ გადადგა ახალ საფრთხის მოგერიებისთვის.

როგორც გამოცემა წერს, ლავროვმა "დიდი ენთუზიაზმის" გარეშე მიიღო ეს ინფორმაცია და ვაშინგტონს მოუწოდა, მჭიდროდ ითანამშრომლოს მოსკოვთან ტერორიზმთან ბრძოლაში.

წყაროს ცნობით, ტრამპმა რუსეთის ელჩს იმაზე მეტი ინფორმაცია მიაწოდა, ვიდრე აშშ თავის მოკავშირე ქვეყნებს აწვდის. რუსულ დელეგაციასთან გაზიარებული ინფორმაცია აშშ-მა თავისი პარტნიორი ქვეყნისგან მიიღო, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის მეშვეობით და ძალიან სენსიტიურ ინფორმაციას წარმოადგენდა. The Washington Post-ის წყარო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ის პარტნიორ ქვეყანას, რომელმაც აშშ-ის აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა, აშშ-სთვის სანქცია არ მიუცია, რომ ეს ინფორმაცია რუსეთისთვის გაეზიარებინა.

"დღევანდელი ისტორია, როგორც ის გადმოცემულია, სიცრუეა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გერბერტ მაკმასტერმა, რომელიც ასევე ესწრებოდა ტრამპისა და ლავროვის შეხვედრას.

"პრეზიდენტმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთო საფრთხეები განიხილეს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციებისგან მოდის. პრეზიდენტს არ განუხილავს დაზვერვის წყაროები ან მეთოდები, არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია სამხედრო ოპერაციების შესახებ", - აღნიშნა მაკმასტერმა.

myquiz