პოლიტიკოსი გამოკვეთილი იდეოლოგიის გარეშე - ვინ არის ემანუელ მაკრონი? | Allnews.Ge

პოლიტიკოსი გამოკვეთილი იდეოლოგიის გარეშე - ვინ არის ემანუელ მაკრონი?

რისთვის იბრძვის ქვეყნის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე? აღნიშნულ კითხვაზე ლოგიკური და დამაჯერებელი პასუხი უკვე დროის პრეროგატივაა, მოცემული მომენტისთვის კი ცხადი ის არის, რომ ემანუელ მაკრონის პიროვნებასა და მის წინასაარჩევნო პროგრამას ნდობა ამომრჩეველთა 23,7%-მა გამოუცხადა.

ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვები, მაკრონს არჩევნების მეორე ტურში მთავარი მოწინააღმდეგის მარი ლე პენის დამარცხებასა და მოსახლეობის 62%-იან მხარდაჭერასაც უწინასწარმეტყველებენ. ფრანგმა ამომრჩეველმა ერთი შეხედვით, ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებით გაჯერებულ კანდიდატს, ბრძოლის გასაგრძელებლად "მწვანე შუქი" აუნთო.

ბრძოლა კი ემანუელ მაკრონმა 2016 წლის აპრილში, "სოციალისტური პარტიის" დატოვებითა და ცენტრისტული პოლიტიკური მოძრაობა "წინის" ჩამოყალიბებით დაიწყო, რასაც მისი ყოფილი გუნდის წევრებისა და თავად პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის მხრიდან, დიდი უკმაყოფილება და სპეკულაციები მოჰყვა. "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ალენ ჟიუპემ, მაკრონი ფრანსუა ოლანდის ღალატში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პრეზიდეტის ყოფილმა პროტეჟემ თავის "მფარველს ზურგში დანა ჩაარტყა". ამის მიუხედავად გასული წლის ნოემბერში, მაკრონმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნეში სწორედ "წინის" სახილით მიიღებდა მონაწილეობას.

ნევროლოგიის პროფესორისა და ფიზიკოსის ოჯახში დაბადებულმა მაკრონმა, პარიზის ნანტრეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა და მაგისტრის ხარისხი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში აიღო. პირველი სამსახური ფინანსურ ინსპექტორობას გულისხმობდა, რაც შემდგომში საინვესტიციო ბანკირის თანამდებობითა და პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლობით გაგრძელდა, 2012 წელს, მანუელ ვალსის ხელისუფლების პირობებში, კი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობით დაგვირგვინდა.

მიუხედავად იმისა, რომ მემარცხენე "სოციალისტური პარტიის" წევრი იყო, თავად პარტიის ნაკლებად რადიკალურ ფრთას განეკუთვნებოდა, მხარს თავისუფალი ბაზრის პრინციპს უჭერდა და ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი რეფორმების ავტორი იყო.

ახლა მიიჩნევს, რომ არც მემარცხენეა და არც მემარჯვენე, ამბობს რომ მისი მთავარი ამოცანა, არა ამ ორი ფრთის გაერთიანება, არამედ ფრანგი ხალხის ერთიანობაა. მაკრონი ყოველთვის ამბობდა, რომ მემარცხენე ხელისუფლებაში საზოგადოების ინტერესების გასატარებლად იყო. 2016 წლის ნოემბერში დაბეჭდილ მის წიგნში "ღევოლუტიონ" საკუთარ თავს "მემარცხენე" და "ლიბერალი" უწოდა.

პოლიტიკურ იდეოლოგიაში ჩამოყალიბება გაუჭირდა თუმცა პრიორიტეტები, როგორც ჩანს ევროპის კონტინენტისა და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერესების შესაბამისად დასახა. 150-გვერდიანი წინასაარჩევნო პროგრამის წყალობით, რომელმაც მზის სინათლე 2 მარტს იხილა, მაკრონის პოლიტიკური კურსისა და ხედვის შესახებ ბევრ ასპექტს ნათელი მოჰფინა. ამომრჩევლისთვის ცხადი გახდა, რომ მაკრონი ევროკავშირის მთლიანობის დარღვევას არ აპირებდა, აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის კიდევ უფრო გაძლიერების მომხრე იყო და ზოგიერთი გამოცემის მიხედვით, ევროფილადაც ითვლებოდა. თავად ამ უკანასკნელ მოსაზრებასაც უარყოფს და ამბობს, რომ მისი ქმედება და დამოკიდებულება კონსტრუქციული ხედვითაა განპირობებული.

"ევროკავშირი არის ის, რაც ჩვენ ახალი რისკების წარმოშობისას დაგვიცავს".

39 წლის პოლიტიკოსს, რომელიც ამ დრომდე, არჩევით თანამდებობაზე არასდროს ყოფილა, თავისებური შეხედულება აქვს საგარეო კურსის განვითარების პერსპექტივაზეც. თუმცა, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ მისი შეხედულებები ერთი ერთში თანხვედრაში მოდის ფრანგის ხალხის ხედვებთან. მაგალისთისთვის, მაკრონმა მოსახლეობის მხრიდან უარყოფითი შეფასება მაშინ დაიმსახურა, როდესაც განაცხადა, რომ საფრანგეთის მიერ ალჟირის კოლონიზირება, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და საფრანგეთის წარსულის ის ბარბაროსული მომენტია, რომელიც ქვეყანამ მისი მსხვერპლი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე, ბოდიშის მოხდით უნდა გამოისყიდოს. შეიძლება ითქვას, რომ მაკრონს წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, რომ მისი რეიტინგი მკვეთრად დაეცა.

ემოციებით მართულ პოლიტიკოსს სირიის კრიზისისადმიც არაერთგავნი პოზიცია ჰქონდა. 2017 წლის იანვარში, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, მაკრონმა განაცხადა, რომ რომ ოფიციალურ პარიზს უფრო მეტად დაბალანსებული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, მათ შორის ასადის რეჟიმთან მოლაპარაკებისას. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში, ბაშარ ალ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ სავარაუდო ცნობის შემდეგ, მაკრონმა ნეიტრალური პოზიცია უფრო ხისტით შეცვალა და ასადის რეჟიმის დასამხობად, სირიაში ინტერვენციაც არ გამორიცხა.

აღსანიშნავია, რომ მაკრონი მიგრანტების კრიზისისადმიც ემპათიურად განწყობილი აღმოჩნდა, რის გამოც, მერკელისეული ღია კარის პრინციპის გამაგრძელებლად შეიძლება ჩაითვალოს, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიტიკოსისათვის არც რელიგიური სეკულარიზმი ყოფილა უცხო:

"მთავარია რელიგიური კანონები სახელმწიფოს კანონებზე მაღლა არ დავაყენოთ"

მაკრონსა და მის პოლიტიკურ პარტიას გაცილებით ცალსახა და ჩამოყალიბებული მოსაზრებები აქვს საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით. "წინის" ჩამოყალიბებისას, მან საკუთარ გუნდს დემოკრატიული რევოლუციისკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთის პოლიტიკური სისტემა პარალიზებული და კორპორატივიზმის ყველა შესაძლო ფორმითაა ბლოკირებული, რაც ინტერესთა ჯგუფებისადმი სამსახურში გამოიხატება.

მაკრონი არც ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ, შრომით კოდექსთან დაკავშირებულ, პრობლემას მორიდებია, რომელმაც გასული წლის განმავლობაში, მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია და ახალგაზრდებისთვის 35-საათიანი სამუშაო კვირის გახანგრძლივება დაისახა მიზნად. საკუთარი მოსაზრება კი ახალგაზრდების წარმატებსადმი სწრაფვით გაამყარა და განმარტა, რომ ახალგაზრდობა ისეთი პერიოდია, როდესაც გაცილებით მეტი შრომაა საჭირო პროფესიის ბოლომდე დაუფლებისთვის. ამასთან, ის 50 წელს მიღწეული მოსახლეობისთვის დატვირთვის შემსუბუქებას გეგმავს.

დაწყებით კლასებში გაკვეთილების რაოდენობის შემცირება და მოზარდებისთვის ყოველწლიურად, 500 ევროს ღირებულების კულტურული ღონისძიებების აბონემენტის გადაცემაც მაკრონის სახელს უკავშირდება.

გახდება თუ არა მაკრონი ევროპელი ჯასტინ ტრიუდო და შეძლებს თუ არა ევროკავშირისთვის გავლენების დაკარგვის საფრთხის აცილებას ამასაც დრო გვიჩვენებს. მოცემული მომენტისთვის კი ცნობილია, რომ მოსახლეობის 38% მიიჩნევს - "ემანულ მაკრონი კარგი პრეზიდენტი იქნება".

myquiz