ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ზე სარაკეტო "დარტყმის" ამსახველი კადრები გავრცელდა | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ზე სარაკეტო "დარტყმის" ამსახველი კადრები გავრცელდა

ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის შეერთებულ შტატებზე სარაკეტო "დარტყმის" ამსახველი ვიდეორგოლი აჩვენეს. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი იუწყება.

ჩანაწერში, რომელიც ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერის ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში აჩვენეს, ახალი ბალისტიკური რაკეტის გაშვებაა ასახული.

მოდელირებულ კადრებში ჩანს, როგორ კვეთს რაკეტა ოკეანეს და ერთ-ერთ ამერიკულ ქალაქზე ეშვება. შემდეგ კადრში სასაფლაოს ფონზე ცეცხლმოკიდებული ამერიკული დროშა ჩანს.

გარდა ამისა, სადღესასწაულო კონცერტზე შესრულდა სიმღერები, რომლებიც სარაკეტო ცდებისა და კორეის სახალხო არმიის სტრატეგიული ძალების "ტეპჰოდონის" დანაყოფის ქებას შეიცავდა. ერთ-ერთი სიმღერის ტექსტში საუბარია იმაზე, რომ "ტეპჰოდონის" რაკეტა ელვას ჰგავს და მზადაა იმპერიალიზმს დაუპირისპირდეს".

სადღესასწაულო ღონისძიებები კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის არნახული ესკალაციის ფონზე გაიმართა. ექსპერტები თვლიან, რომ 25 აპრილამდე (კორეის სახალხო არმიის შექმნის წლისთავი) ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა მეექვსე ბირთვული ცდა ჩაატაროს ან მორიგი რაკეტა გაუშვას.

ვაშინგტონში არაერთხელ განაცხადეს, რომ მზად არიან ფხენიანზე ზეგავლენა ყველა ხელმისაწვდომი ბერკეტით მოახდინონ და "სიმშვიდე ძალით დაამყარონ". ამის პასუხად, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ პროვოკაციებს ბირთვული დარტყმით უპასუხებს.

myquiz