ბაშარ ალ-ასადის გზა ექიმობიდან 21-ე საუკუნის დიქტატორობამდე | Allnews.Ge

ბაშარ ალ-ასადის გზა ექიმობიდან 21-ე საუკუნის დიქტატორობამდე

ექიმობიდან მკვლელის სტატუსამდე - სირიის პრეზიდენტს ქვეყნის ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება ქიმიური იარაღის გამოყენებაში კვლავ ადანაშაულებს. 72 გარდაცვლილი და 400-მდე დაშავებული, დასავლური მედიის თქმით, ასეთია პოლიტიკური და სამხედრო კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის "ასადისეული გეგმა", რომელსაც ის 2012 წლიდან მოყოლებული პერმანენტულად ასრულებს.

მრავალ სამხედრო დანაშაულში ბრალდებული ბაშარ ალ-ასადის საზოგადოებრივი მოღვაწობა სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო. დამასკის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, ექიმ-ოფთალმოლოგის პროფესია აირჩია და 1991-92 წლებში გაერთიანებულ სამეფოში სტაჟირების გასავლელად ჩავიდა. თავისი ნამდვილი წარმომავლობის საიდუმლოდ დასატოვებლად ინგლისში ყოფნისას ფსევდონიმი აირჩია და თითქმის არავის უმხელდა, რომ სირიის იმდროინდელი პრეზიდენტის, ჰაფეზ ალ-ასადის შვილი იყო.

მამისა და უფროსი ძმის ტანდემით დაიმედებული ბაშარ ასადი, გაერთიანებულ სამეფოში ორდინატურის გავლითა და პირადი ცხოვრების აწყობით იყო დაკავებული. ალბათ მაშინ ვერ წარმოიდგენდა რომ ხალხის დასახმარებლად მოწოდებული მალე საკუთარი მოსახლეობის მტრად იქცეოდა და მათი სიკვდილის მიზეზი გახდებოდა. "სისხლის ყივილმა" ის ცოტა ხანში სამშობლოში დააბრუნა.

ყველაფერი მისი უფროსი ძმის, ბასილის გარდაცვალებით დაიწყო. ბაშარ ალ-ასადს ჰაფეზ ალ-ასადის 30 წლიანი მმართველობის სადავეები საკუთარ ხელში უნდა გადაებარებინა. ამას კი მედიკოსის წოდებით ნაკლებად მოახერხებდა.

ბაშარ ასადის ცხოვრების ახალი და მომავალში სისხლიანი ეტაპი უკვე 1995 წელს, სამხედრო აკადემიის გავლისა და კაპიტნის წოდების მოპოვებით დაიწყო, რასაც ქრონოლოგიურად სატანკო ბატალიონის ხელმძღვანელობა, სირიის რესპუბლიკური გვარდიის მეთაურობა და უკვე 1999 წლისთვის პოლკოვნიკის წოდების მოპოვება მოჰყვა, რამაც საბოლოო ჯამში პრეზიდენტის თანამდებობა მოუპოვა.

17- წლიანი მმართველობასა და ასადების რეჟიმის განმტკიცებას ბაშარი 2000 წლის 17 ივლისს შეუდგა. გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ პრეზიდენტად ბაშარ ასადის ასარჩევად კონსტიტუციაში ის ჩანაწერი შეცვალეს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის პასიურ უფლებას 40 წლის მოქალაქეს აძლევდა. დეპუტატებმა ზღვარი 34 წლამდე შეამცირეს და ბაშარის გაპრეზიდენტება ამით კანონიერ ჩარჩოებში მოაქციეს. საგულისხმოა, რომ 2012 წელს ქვეყნის პარლამენტმა აღნიშნული ჩანაწერი კვლავ გააუქმა და ერთი და იმავე პირის პრეზიდენტად არჩევა ზედიზედ ორი ვადით დაუშვა.

2014 წლის 3 ივნისს, ბაშარმა მოსახლეობას პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მესამე ვადით "დაამტკიცებინა". 2000 და 2007 წლების არჩევნებისგან განსხვავებით, უკანასკნელ შემთხვევაში, ბაშარს ორი კონკურენტი ჰყავდა, პრეზიდენტი კი არა რეფერენდუმის არამედ, პირდაპირი არჩევნების გზით აირჩიეს.

ბაშარ ალ-ასადის პოლიტიკური მოღვაწეობა თავიდანვე რთულ საგარეო და საშინაო პრობლემებს გადაეჯაჭვა. მამისგან ისეთი მძიმე მემკვიდრეობა მიიღო, როგორიც ტერიტორიული კონფლიქტია ისრაელთან (1967 წელს, ისრაელმა გოლანის მაღლობების ოკუპაცია მოახდინა, რამაც ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი დაპირისპირება გამოიწვია). ამერიკის შეერთებული შტატები ამ დაპირისპირებაში ისრაელის მხარეს აღმოჩნდა და ოფიციალური დამასკო ისეთი შეიარაღებული ძალების მხარდაჭერასა და დაფინანსებაში დაადანაშაულა, როგორიც ჰამასი და ჰესბოლაა.

ვაშინგტონის ბრალდებები ერაყის ომის დროსაც გაგრძელდა. მაშინ თეთრი სახლი სირიის პირველ პირს სადამ ჰუსეინის რეჟიმისადმი ლოიალურ განწყობასა და მის სამხედრო დახმარებაში ადანაშაულებდა.

საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ბაშარ ასადმა კიდევ ერთხელ მაშინ მიიქცია, როდესაც ლიბიის სამოქალაქო ომში, ინტერვენციის განხორციელებიდან 24 წლის თავზეც კი არ მოისურვა ჯარების უკან გამოხმობა. სასურველ შედეგს გაეროს უშიშროების საბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, საბოლოო ჯამში, 2005 წელს, ანუ ბაშარის გაპრეზიდენტებიდან 5 წლისთავზე მიაღწიეს.

პრობლემები ამით არ დასრულებულა... 2011 წლის იანვარ-თებერვალში, არაბული ქვეყნები საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რაც ისტორიაში "არაბული გაზაფხულის" სახელით შევიდა. ტავდაპირველად დემონსტრანტები ქუჩებში რეფორმების მოთხოვნით გამოდიოდნენ, თუმცა, მოვიანებით, მიტინგებს ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა დაემატა. საშინაო პოლიტიკური კრიზისი სირიაში სწორედ ამ სცენარით დაიწყო. აქციები სამოქალაქო ომსა და სისხლისღვრაში სწორედ ბაშარ ალ-ასადის ამბიციების გამო გადაიზარდა. ასადმა რეჟიმის შენარჩუნების მიზნით, მოსახლეობას შეიარაღებული ძალები დაუპირისპირა.

მრავალათასიანი აქციების დაშლა ძალადობით გადაწყვიტა და იმ აქსიომის მთავარი მონაწილე გახდა, რომელიც გვეუბნება, რომ ძალადობა უფრო დიდ ძალადობას შობს. საბოლოო ჯამში, ქვეყანა 6 წლით ცეცხლის ალში გაეხვა, მილიონობით ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა, ასეულობით ათასი კი ორმხრივ შეტაკებას შეეწირა.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კონფლიქტის დარეგულირებისთვის ასადი რამდენიმე დათმობაზე წავიდა და რეფორმების სერია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, ქურთებს სირიული პასპორტები დაურიგა, სასწავლო დაწესებულებებში ქალებს ნიქაბის მოხსნის უფლება და 1963 წელს დაწესებული საგანგებო რეჟიმი გააუქმა. თუმცა, როდესაც დაინახა, რომ დემონსტრაციები არ წყდებოდა სიტუაციას პოლიტიკურად მართული უწოდა, ყველაფერში დასავლეთი დაადანაშაულა და დათმობაზე წასვლაც დიდი ხნით დაივიწყა.

ჯერ კიდევ 2015 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა განსაკუთრებულ საკითხებში, სტივენ რაპმა, ასადის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული ნაცისტური გერმანიის ქმედებებს შეადარა. საერთაშორისო ანგარიშები ცხადყოფს, რომ სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ასადი, ამბოხებულებთან გაჩაღებული ბრძოლის კვალდაკვალ, სამედიცინო დაწესებულებებსა და მედიკოსებს ესხმოდა თავს. მის სახელს უკავშირებენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას 2012, 2013 და 2014 წლებშიც.

ქიმიური თავდასხმა სირიაზე: დაუსრულებელი ომის კოშმარი +18

თუმცა, ბაშარ ალ-ასადი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა და აღნიშნულ ბრალდებებს ოპოზიციურ ძალებსა და ამბოხებულებს მიაწერდა.

2017 წლის იანვარში, ადგილობრივი მედია, დიქტატორის ჯანმრთელობის პრობლემებზე წერდა. სხვადასხვა ისეთი წყარო, როგორიც Al Arabiya, ლიბიური გაზეთი "ალ-მუსტაკბალი" და ბრიტანული independent-ია იუწყებოდნენ, რომ სირიის პირველი პირი საავადმყოფოში საწამლავის ზემოქმედების, ცერემბრალური ინსულტის ან ნერვული დამბლის გამო გადაიყვანეს. სამივე ცნობა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული და დაუდასტურებელია.

როგორი დიაგნოზიც არ უნდა აღენიშნებოდეს სირიის პრეზიდენტს, ფაქტი ფაქტად რჩება, მის კეთილდღეობის შენარჩუნებას მრავალი ათასი მშვიდობიანი მოქალაქე სიცოცხლეს სურვილის საწინააღმდეგოდ სწირავს.

myquiz