ლონდონში მუსლიმმა ქალებმა სოლიდარობის აქცია გამართეს | Allnews.Ge

ლონდონში მუსლიმმა ქალებმა სოლიდარობის აქცია გამართეს

ლონდონში ვესტმინისტერის ხიდზე მუსლიმი ქალები შეიკრიბნენ. მათ ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ქალები იმ ემოციებზე საუბრობენ, რომელიც მათ იმ ხიდზე დგომისას ეუფლებათ, სადაც რამდენიმე დღის წინ, ექსტრემისტმა ხალიდ მასუდიმ ტერორისტული აქტი განახორციელა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა.

აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ ლურჯ თავშალს იმედის გამოსახატად ატარებენ. ისინი ხელი-ხელ ჩაკიდებულები ხიდზე 5 წუთის განმავლობაში იდგნენ, სანამ ბიგ ბენმა 4-ჯერ არ დარეკა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის განმარტებით, ტერორისტული აქტით გამოწვეული გრძნობა ძალიან მძაფრად ახსოვს.

"იმ ადამიანებზე ვფიქრობდი, რომლებიც ტერაქტის განხორციელებისას აქ იყვნენ, ასე ჩვენსავით იდგნენ ხიდზე და უეცრად თავდასხმის სამიზნეები გახდნენ. ეს გრძნობა მართლაც ყოვლისმომცველია"- ამბობს აფრიჰა ხანი.

"ეს იყო თავდასხმა ჩემზე, ეს იყო თავდასხმა ყველა ჩვენგანზე.

ისლამი ძალადობას სრულად გმობს"- თქვა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, 57 წლის სარა ვოსიმმა. აქციის მონაწილეების თქმით, ვესტმინისტერის ხიდზე გაერთიანება ძალიან მცირე ჟესტი იყო, მაგრამ შემწყნარებელი საზოგადოება ზუსტად ამ მცირე ჟესტებით ყალიბდება.

myquiz