ოფიციალური მოსკოვი ყოფილი დეპუტატის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების კვალზე საუბარს "აბსურდულს" უწოდებს | Allnews.Ge

ოფიციალური მოსკოვი ყოფილი დეპუტატის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების კვალზე საუბარს "აბსურდულს" უწოდებს

ოფიციალური მოსკოვი რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, დენის ვორონენკოვის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების კვალზე საუბარს "აბსურდულს" უწოდებს. შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

"ჩვენ ვთვლით, რომ ნებისმიერი განცხადებები რუსეთის კვალზე აბსურდულია", - განუცხადა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

პესკოვის თქმით, მომხდარი იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინულმა მხარემ ვერ შეძლო ვორონენკოვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

"ვიმედოვნებთ, რომ მკვლელი და ის პირები, ვინც ამ მკვლელობის უკან დგანან, გამოვლენილი იქნებიან", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი, დენის ვორონენკოვი გუშინ, კიევის ცენტრში მოკლეს. ის უკრაინაში 2016 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდა.

ყოფილ დეპუტატზე რუსეთში ფედერალური ძიება იყო გამოცხადებული. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ყოფილ დეპუტატთან მიმართებაში საქმეს თაღლითობის მიუხლით იძიებდა. მას ბრალი ედებოდა მოსკოვის ცენტრში 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შენობის ხელში ჩაგდება.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გუშინვე ყოფილი დეპუტატის მკვლელობაში რუსეთი დაადანაშაულა და საქმეში რუსული სპეცსამსახურების ხელწერაზე ისაუბრა.

myquiz