მევლუთ ჩავუშოღლუ - ევროპა ნელა უფსკრულისკენ მიექანება | Allnews.Ge

მევლუთ ჩავუშოღლუ - ევროპა ნელა უფსკრულისკენ მიექანება

თურქეთი შეშფოთებულია იმ სიტუაციით, რომელშიც ევროპა აღმოჩნდა, ვინაიდან ევროპა ნელა უფსკრულისკენ მიექანება, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. აღნიშნულის შესახებ სააგენტო "ანადოლუ" იუწყება.

"შარშან ვეწვიე ევროპას, მაგრამ რატომ მაშინ არ გააუქმეს ჩემი ვიზიტი? რატომ მაინცდამაინც 2017 წელს გააუქმეს? ევროპა მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდს უბრუნდება", - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, დიდ მწუხარებას იწვევს ის, რომ ბოლო 5-7 წლის განმავლობაში ევროპული ქვეყნების ძირითადი პარტიები რასისტულ მსოფლმხედველობას იზიარებენ.

"ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩემთან სატელეფონო საუბრებისას ამბობდნენ, რომ მათ რცხვენიათ ჰოლანდიის ქმედებების გამო, შემდეგ ამ ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებდნენ. იცით, რატომ? ყველაფერი ეს შიშით არის განპირობებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ მათ შურთ და ეშინიათ თურქეთის. სხვა მხრივ, ისინი მიიჩნევენ, რომ საჭიროა გაერთიანება და ევროკავშირის გახლეჩვის არდაშვება. მე მათ მხოლოდ ერთი რამე შემიძლია ვუთხრა: შიში არ გადაგარჩენთ!" - დასძინა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

11 მარტს ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს როტერდამში შესვლის ნებართვა გაუუქმა, ხოლო შემდგომ თურქეთის ოჯახის საქმეების მინისტრს საშუალება არ მისცა როტერდამში თურქეთის საკონსულოს შენობაში შესულიყო.

myquiz