ისლანდია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც კომპანიებს დაავალდებულებს ქალსა და მამაკაცს თანაბარი ხელფასი გადაუხადონ | Allnews.Ge

ისლანდია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც კომპანიებს დაავალდებულებს ქალსა და მამაკაცს თანაბარი ხელფასი გადაუხადონ

ქალების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ისლანდიის ხელისუფლებამ კომპანიებს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების პროცესში, თანასწორობის დაცვა მოსთხოვა. ისლანდია გახდება პირველი ქვეყანა, სადაც ადამიანებს გაწეული შრომა თანაბრად ანუ სქესის, ეთნიკური კუთვნილების, ეროვნებისა და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად აუნაზღაურდებათ.

ქვეყნის ხელისუფლება კომპანიებს, რომლებშიც 25 ან მეტი თანამშრომელია დასაქმებული, დაავალდებულებს წარმოადგინოს ანაზღაურების პროცესში თანასწორობის დაცვის ამსხველი სერთიფიკატი.

ისლანდია პირველი ქვეყანა არ არის, რომელმაც აღნიშნული გეგმა შეიმუშავა, ინიციატივაზე შვეიცარია და ამერიკის მინესოტას შტატიც მუშაობდნენ, თუმცა ისლანდია პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ინიციატივას კანონით გაამყარებს და მის შესრულებას სავალდებულოს გახდის. ისლანდიის თანასწორობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თქმით, ახლა სწორი დროა იმისთვის, რომ თანასწორი ანაზღაურების კუთხით, რადიკალური ნაბიჯები გადაიდგას.

"თანასწორობა ადამიანის ერთ-ერთი უფლებაა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ქალები და მამაკაცები სამსახურში თანაბარ პირობებში არიან ჩაყენებულები. ჩვენი პასუხისმგებლობაა მივიღოთ ყველა ზომა ამ მიზნის მისაღწევად"- განმარტა მინისტრმა.

გასული წლის ოქტომბერში, ქვეყნის მასშტაბით, ათასობით დასაქმებულმა ქალმა 2:38 საათზე სამუშაო ადგილები პროტესტის ნიშნად დატოვა. მიზეზი, მამაკაცებთან შედარებით ნაკლები ანაზღაურება და იგივე სამუშაო დრო და პასუხისმგებელობა იყო.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ისლანდია თანასწორობის მხრივ სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, თუმცა ამ ქვეყანაშიც კი, ქალები 14%-დან 18%-მდე ნაკლებ ანაზღაურებას გამოიმუშავებენ მამაკაცებთან შედარებით.

იმ შემთხვევაში თუ ინიციატივა პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს ქვეყნის ხელისუფლებას მისი იმპლემენტირება 2020 წლისთვის სურს.

აქვე უნდა ითქვას რომ ინიციატივას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ.

myquiz