რა პოზიცია ჰქონდა ჩურკინს საქართველოსთან დაკავშირებით | Allnews.Ge

რა პოზიცია ჰქონდა ჩურკინს საქართველოსთან დაკავშირებით

გუშინ ნიუ-იორკში, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა. ერთ კვირაში ის 65 წლის გახდებოდა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია. New York Post-ის წყაროების ინფორმაციით, პრესვიტერიანულ ჰოსპიტალში, სადაც ის გარდაიცვალა, დიპლომატი გულის შეტევით მიიყვანეს.

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე ჩურკინი 2006 წლის აპრილში დაინიშნა. გაეროში მისი მუშაობის პერიოდი რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში რამდენიმე სერიოზულ მოვლენას დაემთხვა: 2008 წლის ქართულ-რუსული ომი, "არაბული გაზაფხული", 2011 წლის მოვლენები ლიბიაში, სირიის კრიზისი, მოვლენები უკრაინაში და ყირიმის რუსეთთან მიერთება.

ჩურკინი მტკიცედ იცავდა მოსკოვის პოზიციას 2008 წელს, როდესაც დასავლეთი რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო კონფლიქტის პროვოცირებაში სდებდა ბრალს.

"120-ათასიანი მოსახლეობის ერთ მეოთხედზე მეტი ლტოლვილი გახდა. არის თუ არა ეს ეთნოწმენდა? დაიღუპა 2 ათასი მშვიდობიანი მოსახლე. კიდევ რამდენის მოკვლაა საჭირო, რომ ამას ეთნოწმენდა ეწოდოს?" - განაცხადა მან 2008 წლის 10 აგვისტოს.

2013 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის საპასუხოდ ჩურკინმა განაცხადა: "ეს იყო არა გამოსვლა, არამედ ბოდვა, რომელიც არა ანტირუსულ, არამედ რუსოფობიურ და ანტიმართლმადიდებლურ ხასიათს ატარებდა. ქართველი ხალხის საბედნიეროდ, ამ ადამიანის პოლიტიკური კარიერის დასასრული ძალიან ახლოსაა.

მისი ფსიქიკური მდგომარეობა პროფესიონალურ შეფასებას საჭიროებს".

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა, საქართველომ კი მოსკოვს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დასდო ბრალი. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სწორედ ვიტალი ჩურკინმა გააცნო მსოფლიოს რუსეთის პოზიცია. მან განაცხადა, რომ 1990-იანი წლებიდან, რუსეთი ყველაფერს აკეთებდა ამ კონფლიქტების საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასიკეთოდ გადასაწყვეტად, მაგრამ მოსკოვს მიაჩნდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის უფლება იქნა დარღვეული.

myquiz