ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტები | Allnews.Ge

ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტები

ქვეყნის პირველი პირი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ერთიანობის გარანტი და მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირია. მაგრამ ისტორიაში ძალიან ხშირად ყველაფერი პირიქით ხდება: პრეზიდენტებს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა ადარდებთ და სულ არ აინტერესებთ ხალხი. ასეთი დამოკიდებულება მასობრივ პროტესტებს იწვევს და პრეზიდენტებს ქვეყნიდან გაქცევა უხდებათ, თან კი დიდძალი ქონება და დიდი ფული გააქვთ. წარმოგიდგენთ ქვეყნიდან გაქცეული პირველი პირების ათეულს.

1. მოჰამედ რეზა ფეჰლევი (ირანი)

მოჰამედ რეზა ფეჰლევი ირანის უკანასკნელი შაჰი იყო. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შედეგად მისი ავტორიტარული რეჟიმი დაეცა, შაჰი კი ქვეყნიდან 1979 წლის 11 თებერვალი გაიქცა და 1980 წელს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გარდაიცვალა.

2. ჟან-ბედელ ბოკასა (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა)

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს, შემდგომში კი იმპერატორის, ჟან-ბედელ ბოკასას მეოცე საუკუნის ყველაზე ექსცენტრიულ და არანორმალურ დიქტატორს უწოდებენ. მის სამეფო გვირგვინს 2000 ბრილიანტი ამშვენებდა, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი მშიერი და ღარიბი იყო. ბოკასას მმართველობის პერიოდში, განსხვავებული აზრის მქონე პირების წამება და დაპატიმრება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

მას ბრალს კანიბალიზმშიც კი სდებდნენ.

1979 წელს სკოლის მოსწავლეების დახვრეტის შემდეგ, მან ევროპის მხარდაჭერა დაკარგა, რამაც ტახტის დაკარგვა გამოიწვია. ჟან-ბედელ ბოკასა საფრანგეთში გაიქცა.

3. ფერდინანდ მარკოსი (ფილიპინები)

მარკოსის პრეზიდენტობის დროს ფილიპინებზე პიროვნების კულტი და ნეპოტიზმი იყო გამეფებული. 1972 წელს მან კონსტიტუცია გააუქმა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ყველა პოლიტიკური ოპონენტი ციხეში აღმოჩნდა, ხოლო 1986 წლის არჩევნებზე მორიგი გაყალბებული გამარჯვების შემდეგ, ფილიპინებზე სამხედრო გადატრიალება მოხდა. ფერდინანდ მარკოსი ჯერ ჰავაის კუნძულებზე, შემდეგ კი აშშ-ში გაიქცა და 1988 წელს გარდაიცვალა.

4. ჟან-კლოდ დიუვალიე (ჰაიტი)

ჟან-კლოდ დიუვალიე (მეტსახელად "ბეიბი დოკი") ჰაიტის პრეზიდენტი და დიქტატორი 1971-1986 წლებში იყო. 1986 წელს ქვეყანაში მასობრივი ანტისახელისუფლებო გამოსვლები დაიწყო. მათი ჩახშობის მიუხედავად, პრეზიდენტი გაიქცა და საფრანგეთში დასახლდა. 2011 წელს მან საკუთარი ხალხის წინაშე მოინანია, დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ მეორე დღესვე მას კორუფციაში და სახელმწიფო სახსრების მითვისებაში დასდეს ბრალი და დააპატიმრეს. "ბეიბი დოკი" 2014 წელს პორტ-ო-პრენსეში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

5. ალბერტო ფუხიმორი (პერუ)

ფუხიმორი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დიქტატორია. მან საკონცენტრაციო ბანაკები და "სიკვდილის ესკადრონები" ჩამოაყალიბა, რომლებსაც "რეჟიმის მტრების" წინააღმდეგ იყენებდა. 2000 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მასზე რამდენიმე კომპრომატი გავრცელდა. მათ შორის, ყველაზე რეზონანსული 200 ათასი პერუელის სტერილიზაციაა. ფუხიმორი იაპონიაში გაიქცა, თუმცა 2006 წელს პერუში დააბრუნეს და გაასამართლეს.

6. ასკარ აკაევი (ყირგიზეთი)

1991 წელს ასკარ აკაევი ყირგიზეთის პრეზიდენტად აირჩიეს. წარმატებული ანტიინფლაციური, სავაჭრო პოლიტიკის პარალელურად, პრეზიდენტის ნათესავების და მომხრეების წარმოუდგენელი გამდიდრება მიმდინარეობდა. 2005 წლის "ტიტების რევოლუციის" შემდეგ, აკაევი ყაზახეთში გაიქცა.

7. კურმანბეკ ბაკიევი (ყირგიზეთი)

"ტიტების რევოლუციამ" ხელისუფლებაში კურმანბეკ ბაკიევი მოიყვანა. მიუხედავად ამისა, 2010 წლის 7-15 აპრილის რევოლუციური მოვლენების გამო, ქვეყნის დატოვება მასაც მოუწია. უკანასკნელი ცნობების მიხედვით, ის ბელარუსში გაიქცა, სადაც უკვე მოქალაქეობის მიღებაც მოასწრო.

8. ზინ ელ-აბიდინ ბენ ალი (ტუნისი)

ქვეყანაში ცხოვრების მაღალი დონის მიუხედავად, რომელსაც ბენ-ალიმ 1987 წელს, დანიშვნიდან მიაღწია, მისი ავტორიტარიზმის შედეგად ქვეყანაში საშინელი კორუფცია გაჩნდა. ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების გამო, 2011 წლის 14 იანვარს მან ქვეყანა დატოვა და საუდის არაბეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 2012 წელს ტუნისის სამხედრო ტრიბუნალმა მას დემონსტრაციების დაშლისას მომიტინგეების მკვლელობის ბრალდებით, დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

9. ვიქტორ იანუკოვიჩი (უკრაინა)

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანა 2013 წელს დაწყებული ანტისახელისუფლებო აქციების გამო დატოვა. კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე მომიტინგეების დახვრეტის შემდეგ, რასაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, იანუკოვიჩი და მისი გუნდის უდიდესი ნაწილი რუსეთში გადაბარგდნენ.

10. მიხეილ სააკაშვილი (საქართველო)

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ლექციების კურსს კითხულობდა. 2014 წლის გაზაფხულზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმეჯერ დაიბარა. თუმცა, სააკაშვილი საგამოძიებო ორგანოში არცერთხელ არ გამოცხადდა.

28 ივლისს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოიტანეს ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ.

2014 წლის 2 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ბრალდებულების დაუსწრებლად შეუფარდა.

myquiz