დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანამდებობა დატოვა | Allnews.Ge

დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანამდებობა დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა თანამდებობა დატოვა.

მაიკლ ფლინმა აღიარა, რომ თეთრ სახლს არასრული ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ში რუსეთის ელჩთან სერგეი კისლიაკთან კონტაქტების შესახებ.

"სამწუხაროდ, მოვლენების სწრაფი განვითარების გამო, მე, არამიზანმიმართულად მივაწოდე ვიცე-პრეზიდენტს და სხვებს არასრული ინფორმაცია რუსეთის ელჩთან ჩემი სატელეფონო საუბრების შესახებ. მე გულახდილად ბოდიში მოვუხადე პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს და მათ მიიღეს ჩემი მობოდიშება. მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას", - ნათქვამია მაიკლ ფლინის განცხადებაში.

გასულ კვირას Washington Post-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 29 დეკემბერს ბარაქ ობამას მიერ რუსეთისთვის მორიგი სანქციების შემოღებისას ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ჩაიწერეს სატელეფონო საუბარი აშშ-ში რუსეთის ელჩსა და მაიკლ ფლინს შორის, რომელმაც ერთი თვის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა დაიკავა. სატელეფონო საუბარი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ეხებოდა.

დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობის შემსრულებლად გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი დანიშნა. CNN-ის ინფორმაციით, მაიკლ ფლინის პოსტზე შესაძლოა დევიდ პეტრეუსი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორი დაინიშნოს.

myquiz