მეამბოხეებმა ალეპოს ბლოკადის გასარღვევად მასშტაბური შეტევითი ოპერაცია დაიწყეს | Allnews.Ge

მეამბოხეებმა ალეპოს ბლოკადის გასარღვევად მასშტაბური შეტევითი ოპერაცია დაიწყეს

სირიაში მეამბოხეებმა ალეპოს ბლოკადის გარღვევისკენ მიმართული მასშტაბური შეტევითი ოპერაცია დაიწყეს.

სირიის ადამიანის უფლებების სამონიტორინგო ჯგუფის ინფორმაციით, მეამბოხეთა მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად 130-მდე ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა.

კერძოდ, დასავლეთ ალეპოს მიმართულებით აჯანყებულებმა ათობით რაკეტა გაუშვეს, რასაც, სულ მცირე, 15 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ალეპოს აღმოსავლეთით კი, განხორციელდა თავდასხმა ალ-ნაირაბის სამხედრო აეროპორტზე. უფლებადამცველების ცნობით, ამის შედეგად 115-მდე ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა. სირიის არმიის პოზიციების სიახლოვეს "ბოევიკებმა" ასევე ორი დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. მეამბოხეთა კიდევ ერთი სამიზნე სირიის ქალაქ ლატაკიასთან მდებარე ავიაბაზა ჰმეიმიმია, რომელსაც რუსული ავიაცია იყენებს.

როგორც "ბიბისი" წერს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მეამბოხეები ალეპოს ბლოკადის გარღვევას მეორედ ცდილობენ. ანალოგიური ოპერაცია მიმდინარე წლის აგვისტოშიც ჩატარდა.

2012 წლის შემდეგ ალეპო ორადაა გაყოფილი. ამჟამად ქალაქის აღმოსავლურ ნაწილს მეამბოხეები აკონტროლებენ. დაახლოებით ერთი თვის წინ სირიის არმიამ, რუსული ავიაციის მხარდაჭერით, ალეპოს აღმოსავლეთზე შეტევითი ოპერაცია გააქტიურა. უფლებადამცველების ცნობით, მას შემდეგ ქალაქში თითქმის 500 ადამიანი დაღიუპა და 2 000 დაშავდა.

myquiz