ფილიპინების პრეზიდენტმა საკუთარი თავი ადოლფ ჰიტლერს შეადარა | Allnews.Ge

ფილიპინების პრეზიდენტმა საკუთარი თავი ადოლფ ჰიტლერს შეადარა

ფილიპინების პრეზიდენტმა საკუთარი თავი ადოლფ ჰიტლერს შეადარა. როგორც როდრიგო დუტერტემ განაცხადა, ის მზად არის, ნარკოდილერებსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანებს ისეთივე მეთოდებით გაუმკლავდეს, რა მეთოდებითაც ჰიტლერი ებრაელებს უმკლავდებოდა.

სკანდალური განცხადება ფილიპინების პრეზიდენტმა ქალაქ დავაოში გააკეთა, სადაც 22 წლის განმავლობაში მერად მუშაობდა. მისი თქმით, ის სიამოვნებით "დაასრულებინებდა სიცოცხლეს" ფილიპინებში მცხოვრებ 3 მილიონ ნარკომანს, "მომავალი თაობების სიჯანსაღისთვის".

"გერმანიას ჰიტლერი თუ ჰყავდა, ფილიპინებს მე ვყავარ", - განაცხადა როდრიგო დუტერტემ.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, ბოლო თვეების განმავლობაში ფილიპინებში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის 3 000 სავარაუდო დამრღვევი დაიღუპა. თავად დუტერტე ამტკიცებს, რომ მას აღნიშნულ ფაქტებთან არანაირი კავშირი არა აქვს.

ფილიპინების პრეზიდენტის პოზიცია ნარკოდილერებთან მიმართებაში გახდა სკანდალის მიზეზი გაერო-ს ექსპერტებთან, რომლებმაც გასულ თვეს განაცხადეს, რომ ფილიპინების ლიდერის განცხადებები შესაძლოა, დანაშაულად ჩაითვალოს.

საპასუხოდ, ფილიპინების პრეზიდენტმა გაერო-ს ექსპერტები უცენზურო სიტყვებით მოიხსენია და გაერო-ს დატოვებით დაიმუქრა.

myquiz