რომის პაპის ვოიაჟი და მისი ძირითადი გზავნილები | Allnews.Ge

რომის პაპის ვოიაჟი და მისი ძირითადი გზავნილები

კათოლიკური სამყაროს წინამძღოლი ფრანცისკე როგორც პაპი, პირველად ბრაზილიას ეწვია, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი და მასშტაბური დახვედრა პონტიფიკოსს ფილიპინებში მოუწყვეს. აღნიშნულ ქვეყანას რომის პაპი 2015 წლის 15 იანვარს, შრი-ლანკაში ვიზიტის დასრულებისთანავე ეწვია, პონტიფიკოსის ტრადიციულ მესას მანილაში 5-დან 6 მილიონამდე ადამიანი ესწრებოდა.

2015 წელი ფრანცისკე I-ის ყველაზე ვოიაჟური წელი იყო. იანვრიდან ივლისის ჩათვლით რომის პაპი 16 ქვეყანას ეწვია. მისი უმთავარესი გზავნილი მშვიდობა, თანასწორობა და ადამიანის უფლებების პატივისცემაა.

"ადამიანის უფლებები მხოლოდ ტერორიზმის, რეპრესიებისა და მკვლელობის დროს კი არ ირღვევა, არამედ უსამართლო ეკონომიკური სტრუქტურების არსებობის დროსაც, რომელიც უდიდეს უთანასწორობას იწვევს",- განაცხადა რომის პაპმა.

პონთიფიკოსი საკვირაო წირვისას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით კი საომარ ვითარებებს ხშირად ეხმიანება,- "ჩვენ მუდმივად გვესაუბრებიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, თუმცა, რეალურად, ის რაც ხდება, არის ომი. სიმართლის აღიარების აღარ უნდა გვეშინოდეს. ჩვენ ვართ საომარ მდგომარეობაში, რადგან მშვიდობა დავკარგეთ.

როდესაც ვსაუბრობ ომზე, ვგულისხმობ ომს ინტერესებისთვის, ფულისთვის, რესურსებისთვის და არა რელიგიისთვის. ყველა რელიგიას სურს მშვიდობა, ომი კი სხვა ადამიანებს უნდათ", - დასძინა პონტიფიკოსმა.

ომი მიგრაციას იწვევს, მიგრაცია და მიგრანტები კი რომის პაპის კიდევ ერთ გულისტკივილად შეიძლება ჩაითვალოს. ფრანცისკე I-მა, რომელიც კუნძულ ლესბოსზე დევნილთა ბანაკს სტუმრობდა, ვატიკანში 12 სირიელი მიგრანტი თან წაიყვანა. თვითმფრინავის ბორტზე რომის პაპი სირიელების სამ ოჯახთან ერთად ავიდა, რომელთა შორის 6 ბავშვი იყო.

ვატიკანის ინფორმაციით, პაპს სურდა დევნილებისთვის ეჩვენებინა, რომ მათ ევროპა მიესალმება.

"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ ადამიანების მისაღებად, რომლებიც ომსა და შიმშილს გამოექცნენ და სოლიდარულები მათ მიმართ, ვისაც ფუნდამენტური უფლებები შეელახათ, მათ შორის რწმენის თავისუფლება და უსაფრთხოება"- განაცხადა რომის პაპმა პოლონეთში ვიზიტისას.

კათოლიკური ეკლესიის ლიდერი მრევლსა და მასპინძელ ქვეყნებს სოლიდარობისკენ არა მხოლოდ მიგრანტების მიღებისას, არამედ სექსუალური უმცირესობების საკითხთან დაკავშირებითაც მოუწოდებს.

"მითხარით, როდესაც უფალი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს უყურებს, სიყვარულით იღებს მის არსებობას, თუ უარყოფს და გმობს მის პიროვნებას?", - ამბობს პონთიფიკოსი.

ფრანცისკე დღეს საქართველოს პირველად ეწვია. იგი მთავრობის წარმომადგენლებს და კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება. რა გზავნილები ჩამოიტანა პონთიფიკოსმა საქართველოში, ამას ვიზიტის დასრულების შემდეგ გავიგებთ.

myquiz