ჰილარი კლინტონის და დონალდ ტრამპის პირველი პირდაპირი დებატები გაიმართა | Allnews.Ge

ჰილარი კლინტონის და დონალდ ტრამპის პირველი პირდაპირი დებატები გაიმართა

ნიუ-იორკში პრეზიდენტობის კანდიდატების, ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის პირველი პირდაპირი დებატები გაიმართა.

90-წუთიანი დებატების დროს კანდიდატებმა აშშ-ის უსაფრთხოების საკითხები, ქვეყნის განვითარება და ეკონომიკის გაძლიერება განიხილეს.

როგორც "ბიბისი" წერს, დებატების დაწყებიდან მალევე კლინტონმა და ტრამპმა ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

ჰილარი კლინტონის თქმით, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინის მიმართ დადებითად არის განწყობილი, ტრამპმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ მმართველი ხელისუფლება ექსტრემსიტებთან ბრძოლაში საინფორმაციო ომს აგებს.

ჰილარი კლინტონის მოსაზრებით, აშშ-ის სახელმწიფო დაწესებულებებსა და დემოკრატიულ პარტიაზე განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან სწორედ რუსეთი დგას.

"დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რუსებს ეს კარგად უნდა ესმოდეთ", - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.

დებატების დროს დონალდ ტრამპმა მოსაზრება გამოთქვა, რომ ნატო-მ ტერორიზმთან და დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, ჰილარი კლინტონმა კი განაცხადა, რომ ტრამპს ამ მიმართულებით არანაირი გეგმა არ გააჩნია.

ტელეკომპანია CNN-ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, დებატების გამარჯვებულად ჰილარი კლინტონს ამომრჩევლის 62% მიიჩნევს, ტრამპს კი 27%.

ბოლო გამოკითხვების მიხედვით, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 2%-ით უსწრებს.

myquiz