6 წლის ამერიკელი ბიჭი ბარაკ ობამას, სირიელი ომრანის აშშ-ში ჩაყვანას სთხოვს | Allnews.Ge

6 წლის ამერიკელი ბიჭი ბარაკ ობამას, სირიელი ომრანის აშშ-ში ჩაყვანას სთხოვს

რამდენიმე კვირის წინ, სირიაში, ალეპოზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას 5 წლის სირიელი ომრან დაქნიში დაიჭრა. ბიჭუნა სასწაულებრივად გადაურჩა დაბომბვას, რომელსაც მისი ძმა ემსხვერპლა. ამ ამბავმა აგვისტოში სოციალური ქსელი და ყველა მედიასაშუალება აალაპარაკა.

ომრანის ამბავი სხვებთან ერთად გულთან ახლოს მიიტანა 6 წლის ალექსმაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას წერილი მისწერა თხოვნით:

"შეგიძლიათ ომრანი აქ ჩამოიყვანოთ, რომ ჩემი ოჯახის წევრი გახდეს?!".

ნიუ-იორკელი ალექსის წერილმა ბოლო დღეებში მთელ ინტერნეტსივრცეში უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა. თეთრმა სახლმა ბიჭის ვიდეომიმართვა გაასაჯაროვა, რომელშიც ალექსი თავის წერილს კითხულობს: "მას საკუთარ ოჯახში მივიღებთ, ის ჩემი ძმა გახდება. კეტრინი ჩემი პატარა და ციცინათელებს მოუგროვებს. სკოლაში სირიელი მეგობარი მყავს ომარი, მას გავაცნობ და ყველა ერთად ვითამაშებთ. მისგან ვისწავლით უცხო ენას. თუ მას სათამაშოები არ აქვს, ჩემი და ქეთრინი თავის ცისფერ კურდღელს აჩუქებს, მე კი ჩემი ველოსიპედის ტარებას ვასწავლი", - ნათქვამია ალექსის ობამასადმი გაგზავნილ წერილში.

სირიელმა ბიჭუნამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა ომის სისასტიკე

ბიჭუნას ეს სიტყვები პრეზიდენტმა ობამამ გაეროში გამართულ ლიდერთა სამიტზე წაიკითხა: "ეს არის ექვსი წლის ბიჭის სიტყვები, პატარა ბავშვის, რომელმაც არ იცის ცინიზმი, ან ეჭვი, ან შიში განსხვავებული ადამიანების მიმართ, მათი წარმომავლობის მიმართ, იმის მიმართ, თუ როგორ ლოცულობენ და როგორ გამოიყურებიან. ჩვენ ყველამ უნდა მივბაძოთ ალექსს. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა სამყარო, ყველანი რომ მას ვგავდეთ. წარმოიდგინეთ, რამხელა ტანჯვას შევამსუბუქებდით და რამდენ სიცოცხლეს ვიხსნიდით."

myquiz