არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპის მთავარი პრიორიტეტი კვლავ არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია იქნება | Allnews.Ge

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპის მთავარი პრიორიტეტი კვლავ არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი კვლავ მიგრანტების დეპორტაციაზე საუბრობს.

"როიტერის" ინფორმაციით, სწორედ ეს იყო ამერიკელი ბიზნესმენის მთავარი გზავნილი შტატ აიოვაში მოსახლეობასთან შეხვედრისას. ტრამპის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი მთავარი პრიორიტეტი იმ არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია იქნება, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაული ჩაიდინეს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საუბარი რამდენიმე ათას მიგრანტს ეხება.

"ეს საერთაშორისო დაჯგუფებები და კარტელები წარსულში დარჩება, ტერორზე დამყარებულ მათ მმართველობას კი ბოლო მოეღება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა შტატ აიოვაში სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა განმარტა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მისი ხელისუფლება ისეთ სისტემას შეიმუშავებს, რომელიც ქვეყანაში შემსვლელ და გამსვლელ მიგრანტებზე კონტროლს დამყარებს, რაც თავის მხრივ იმ მიგრანტების პოვნას გაუადვილებს, რომელთა ვიზას ვადა გაუვიდა. ამერიკელმა ბიზნესმენმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მექსიკის საზღვართან "კედლის" აშენებას გეგმავს.

myquiz