გროზნოში ქარიშხალს 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა | Allnews.Ge

გროზნოში ქარიშხალს 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

გუშიან გვიან ღამით ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს თავს ქარიშხალი დაატყდა. სტიქიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ის ამ დროისთვის საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გასაწევად არის გადაყვანილი.

ჩეჩნეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, ქარიშხალმა ათეულობით შენობა დააზიანა, მათ შორის საზოგადოებრივი დანიშნულების 9 შენობა, 5 მრავალსართულიანი საცხოვრებელი და 59 კერძო სახლი. დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურაც. ქარიშხალმა შენობების უმეტესობას სახურავი გადახადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაზიანებულ სახლებში ჯამში 358 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის 121 მცირეწლოვანი ბავშვი იყო.

გროზნოს მერმა მუსლიმ ხუჩიევმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. "ქალაქის ნაწილი ბუნებრივი აირის, დენისა და წყლის გარეშე დარჩა. ხეები ფესვებიანად არის ამოთხრილი, სარეკლამო ბანერები დაზიანებულია. უხვი ნალექისა და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო ქალაქის ზოგიერთი ნაწილი დატბორილია", - განაცხადა მუსლიმ ხუჩიევმა.

სინოპტიკოსების თქმით, ჩეჩნეთში კვირას კოკისპირული წვიმა გაგრძელდება.

myquiz