რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გამოცხადებული მოულოდნელი შემოწმების გამო, შავ და კასპიის ზღვებში ხომალდები გავიდნენ | Allnews.Ge

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გამოცხადებული მოულოდნელი შემოწმების გამო, შავ და კასპიის ზღვებში ხომალდები გავიდნენ

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გამოცხადებული მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში, შავ და კასპიის ზღვებში რუსული ხომალდები გავიდნენ.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, საუბარია შავი ზღვის ფლოტის 15-ზე მეტ ხომალდზე და კასპიის ფლოტილიის 10-ზე მეტ საბრძოლო ხომალდზე.

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გუშინ დაწყებული მოულოდნელი შემოწმება 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, შემოწმების მიზანია "შეიარაღებული ძალების უშუალო მომზადების სრული ციკლის შემუშავება რუსეთის ფედერაციის ინტერესების დასაცავად".

როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, რუსეთის შეირაღებულ ძალებში მიმდინარე შემოწმებას ყურადღებით აკვირდებიან ვაშინგტონში. როგორც პენტაგონში აღნიშნეს, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ რუსეთი არსებული შეთანხმებების ფარგლებში შესაბამის ვალდებულებებს შეასრულებს და მეზობელ სახელმწიფოებს, შემოწმების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.

რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო წვრთნებს აღვიქვამთ, როგორც საფრთხის შემცველს და დესტაბილიზაციის ფაქტორს რეგიონში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო აკვირდება ყველა მიმდინარე წვრთნას, რომელიც რეგიონში რუსეთის მიერ ხორციელდება. "დღეს ჩვენ ვნახეთ დაუგეგმავი წვრთნებიც. ჩვენ რა თქმა უნდა ამას აღვიქვამთ, როგორც საფრთხის შემცველს და დესტაბილიზაციის ფაქტორს რეგიონში და რა თქმა უნდა ვმუშაობთ ჩვენი პარტნიორების ინფორმირებისთვის მათთან ერთად, რათა ყველა შესაძლო სცენარი დამუშავდეს და საერთაშორისო საზოგადოება საფრთხის შესახებ ინფორმირებული იყოს", - განაცხადა გუშინ ჯანელიძემ.

რუსეთში დაწყებული შემოწმება ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია.

myquiz