მიუნხენის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელს ანდერს ბრეივიკთან ჰქონდა კავშირი | Allnews.Ge

მიუნხენის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელს ანდერს ბრეივიკთან ჰქონდა კავშირი

მიუნხენის პოლიცია ავრცელებს დამატებით დეტალებს თავდამსხმელზე, რომელმაც გუშინ, ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე 10 ადამიანი მოკლა.

მიუნხენის პოლიციის უფროსმა ჰუბერტუს ანდრემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 18 წლის თავდამსხმელსა და ნორვეგიელ ტერორისტ ანდერს ბრეივიკს შორის აშკარა კავშირი არსებობს.

ძალოვან უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ თავდასხმელი "გლოკის" ტიპის პისტოლეტით და 300 ტყვიით იყო შეიარაღებული.

გარდა ამისა, გამოძიება ამოწმებს ვერსიას, რომლის თანახმად, თავდამსხმელმა, "მაკდონალდსის" რესტორანში, სადაც თავდასხმა განახორციელა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის შეტყუების მიზნით, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ქალის სახელით ექაუნთი დაარეგისტრირა.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ფსიქიკურად იყო დაავადებული. თავდამსხმელი, რომლის სახელსა და გვარს გამოძიება ამ დრომდე არ ასახელებს, მიუნხენში დაბადებული ირანელია, რომელსაც გერმანიისა და ირანის მოქალაქეობა ჰქონდა.

თავდასხმის შემდეგ სამართალდამცველებმა მისი ცხედარი სავაჭრო ცენტრიდან ერთ კილომეტრში იპოვეს. პოლიციაში აცხდებენ, რომ მან თავი მოიკლა.

ამასთანავე, სამართალდამცავი უწყება უარყოფს, რომ თავდამსხმელს დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ჰქონდა კავშირი. 

თავდასხმის დროს დაშავდა 27 ადამიანი, აქედან 10 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 13 წლის დაჭრილი მოზარდი.

myquiz