ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა ჯგუფმა ყველა მძევალი გაათავისუფლა | Allnews.Ge

ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა ჯგუფმა ყველა მძევალი გაათავისუფლა

ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ყველა მძევალი გაათავისუფლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

გათავისუფლებული არიან სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეღიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიფიანი.

მანამდე, მოლაპარაკებების შედეგად თავდამსხმელებმა ორი პოლიციელი გაათავისუფლეს.

როგორც ხელისუფლებასა და თავდამსხმელებს შორის მომლაპარაკებელმა, მთიანი ყარაბაღის ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ვიტალი ბალასანიანმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, შეიარაღებულმა ჯგუფმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ 24-საათიანი პრესცენტრის გახსნა მოითხოვა.

შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა ერევნის ერებუნის რაიონში მდებარე პოლიციის განყოფილება შტურმით 17 ივლისს აიღო და იქ მყოფები მძევლად აიყვანა. თავდამსხელები ოპოზიციონერ ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებასა და პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

18 ივლისიდან, პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერები აქციებს მართავენ. პოლიციამ დემონსტრანტები რამდენიმეჯერ დაარბია და ათობით აქტივისტი დააკავა.

myquiz