Associated Press - ნაპოვნი ცხედრების ნაწილები მთლიანად დაშლილია, რაც EgyptAir-ის ლაინერის ბორტზე მომხდარ აფეთქებაზე მიუთითებს | Allnews.Ge

Associated Press - ნაპოვნი ცხედრების ნაწილები მთლიანად დაშლილია, რაც EgyptAir-ის ლაინერის ბორტზე მომხდარ აფეთქებაზე მიუთითებს

ავიაკომპანია EgyptAir-ის ლაინერის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მგზავრების ცხედრების ექსპერტიზა მიუთითებს, რომ თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება მოხდა.

ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ს ეგვიპტელმა ექსპერტ-კრიმინალისტმა განუცხადა.

ექსპერტი, რომელიც საგამოძიებო ჯგუფის წევრია, აცხადებს, რომ ნაპოვნი ცხედრების ნაწილები მთლიანად დაშლილია, რაც ბორტზე მომხდარ აფეთქებაზე მიუთითებს.

"იქ არ იყო სხეულის ერთი მთლიანი ნაწილიც კი, თუნდაც კიდური ან თავი. თუმცა ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია აფეთქება", - აცხადებს კრიმინალისტი.

თავის მხრივ, სააგენტო "როიტერი" წერს, რომ სპეციალისტებმა ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი ჯერჯერობით ვერ იპოვეს, მაგრამ ცხედრების ექსპერტიზა მიუთითებს, რომ სამგზავრო ლაინერის ბორტზე აფეთქება მოხდა.

კატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, გრძელდება ლაინერის შავი ყუთების ძებნა.

ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილი ლაინერი, A320-ი გასულ ხუთშაბათს პარიზიდან კაიროში მიემგზავრებოდა.

ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი. თვითმფრინავი რადარებიდან კაიროში დაშვებამდე ნახევარი საათით ადრე გაქრა. ლაინერის ფრაგმენტები მეორე დღეს, ხმელთაშუა ზღვაში აღმოაჩინეს.

myquiz