მსოფლიოს 9 ყველაზე დიდი გამოწვევა | Allnews.Ge

მსოფლიოს 9 ყველაზე დიდი გამოწვევა

კლიმატური ცვლილება, ფინანსურ სისტემაში ნდობის აღდგენა, მსოფლიოს მოსახლეობის საყოველთაო ინტერნეტიზაცია - ის გამოწვევებია, რომელთა წინაშეც თანამედროვე მსოფლიო დგას და რომელთა გადაჭრისთვისაც საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა და ძალისხმევაა საჭირო. მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი მსოფლიოს წინაშე არსებულ 10 ყველაზე დიდ გამოწვევას ასახელებს და მათ მნიშვნელობაზე საუბრობს.

კვებითი უსაფრთხოება

როგორც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სტატიაშია აღნიშნული, 2050 წლისთვის მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობა 9 მილიარდ ადამიანს მიაღწევს. შესაბამისად, მსოფლიო 9 მილიარდი ადამიანის საკვებით უზრუნველყოფის წინაშე დადგება და საკვებზე მოთხოვნა, დღევანდელთან შედარებით, 60%-ით გაიზრდება.

გაერო-მ თავის ანგარიშში "მდგრადი განვითარების 17 მიზანი" ნომერ მეორე მიზნად შიმშილობის დასრულება, კვებითი უსაფრთხოების მიღწევა, გაუმჯობესებული კვება და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა დაასახელა 2030 წლისთვის.

"კვებითი უსაფრთხოების პრობლემის მოსაგვარებლად და გაერო-ს მიზნების მისაღწევად, საჭიროა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი უფრო პროდუქტიული გახდეს ეფექტური ბიზნეს მოდელების მიღებითა და კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის გაძლიერებით", - აღნიშნავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და დასძენს, რომ ამ ყველაფრის შეუსრულებლობას მოჰყვება შიმშილი, კვების გაუარესება და კონფლიქტიც კი.

ეკონომიკური ზრდა და სოციალური ჩართულობა

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ მსოფლიო მასშტაბით უამრავი ადამიანის მნიშვნელოვნად გამდიდრებამდე მიგვიყვანა. მაგრამ გლობალური ეკონომიკური წარმოების მიუხედავად, აშკარაა, რომ მსოფლიოს დღევანდელი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები ზრდის უთანასწორობას, ვიდრე ამცირებს მას. უთანასწორობა შემოსავლებში იწვევს ეკონომიკურ და სოციალურ უთანასწორობას და აზიანებს ჩვენს მომავალ ეკონომიკურ კეთილდღეობას.

"იმისათვის, რომ მოხდეს განვითარებადი ბაზრების ზრდა და შეჩერდეს მათი შენელება, საჭიროა მსოფლიოს მასშტაბით გადაიდგას ნაბიჯები ეკონომიკური აქტივობის დასაჩქარებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამის სარგებელს საზოგადოების ყველა ფენა მიიღებს", - აღნიშნავს მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი.

დასაქმება

ერთ-ერთი მწვავე პრობლემა დღესდღეობით დასაქმებაა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, მსოფლიოში 61 მილიონი სამუშაო ადგილი გაუქმდა, 200 მილიონი ადამიანი კი უმუშევარი დარჩა.

2020 წლისთვის 500 მილიონამდე ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას, რათა სამსახურით უზრუნველყოფილი იქნენ უმუშევარი ადამიანები და ახალგაზრდები. ამავდროულად, ბევრი სფერო აწყდება კვალიფიციური კადრების ნაკლებობის პრობლემას. 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით დამსაქმებელთა 38% აცხადებს, რომ აწყდება ამ პრობლემას, რაც 2%-ით მეტია 2014 წლის მონაცემებთან შედარებით.

კლიმატური ცვლილება

დედამიწის საშუალო მიწისპირა ტემპერატურა ბოლო 50 წლის განმავლობაში დაახლოებით 1 გრადუსით გათბა, რისი მიზეზიც ადამიანთა საქმიანობისა და მსოფლიო მასშტაბით 1970 წლის შემდეგ სათბურის აირების მოხმარების 80%-მდე გაზრდაა. კლიმატური ცვლილებების გავლენასა და შედეგს მსოფლიო უკვე იმკის, რამდენადაც იმატა გვალვებმა და ქარიშხლებმა. 1980 წლიდან მოყოლებული ბუნებრივი სტიქიით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგები სამჯერ გაიზარდა.

"გასული წლის დეკემბერში, კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე ისტორიული შეთანხმება იქნა მიღწეული. მსოფლიო 2100 წლისთვის გლობალური ტემპერატურის მხოლოდ 2 გრადუსამდე მატებასა და 2020 წლიდან განვითარებადი ქვეყნებისთვის ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდა", - ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სტატიაში.

გლობალური ფინანსური კრიზისი

2008 წლის ფინანსური კრიზისიდან რამდენიმე წელიწადში, მსოფლიო ეკონომიკა კვლავ დგას ნელი ტემპით ზრდის, მთავარ ეკონომიკებში არასტანდარტული მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული სახელმწიფო ბიუჯეტების პრობლემის წინაშე.

გლობალური სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი გამოწვევა კრედიტებსა და დანაზოგებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. დღემდე მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიარდ ადამიანს არ აქვს წვდომა მაღალხარისხიან ფინანსურ სერვისებზე. გარდა ამისა, მსოფლიოში 200 მილიონი მცირე და საშუალო საწარმოა, რომელსაც არ აქვს წვდომა ოფიციალურ ფინანსურ სერვისებზე.

"პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა მოქნილი, ხელმისაწვდომი ფინანსური სისტემის შექმნა, რომელსაც ხალხი ენდობა", - აღნიშნავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.

ინტერნეტი

ინტერნეტი ცვლის ჩვენი ცხოვრების, მუშაობის, მოხმარებისა და წარმოების გზებს. "მომდევნო ათი წლის განმავლობაში ინტერნეტს სავარაუდოდ, ტრილიონ სენსორზე მეტი მიუერთდება. 2025 წლისთვის მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის 10% ინტერნეტზე მიერთებულ ტანსაცმელს ატარებს, გაყიდვაში კი გამოვა პირველი იმპლანტირებული მობილური ტელეფონი. როგორ აისახება ეს ყოველივე ჩვენს საკუთრებაზე, მონაცემთა უსაფრთხოებასა და ჩვენს პერსონალურ ურთიერთობებზე? თუ ყველაფერი ინტერნეტზე იქნება მიბმული, ეს შეცვლის ბიზნესის კეთების მეთოდებს და დაგვეხმარება რესურსების უფრო ეფექტურად მართვაში. მთავარი პრობლემა კი ის არის, როგორ მოახერხებს მსოფლიო ამ სეისმურ ცვლილებასთან გამკლავებას ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნას ინტერნეტის სტაბილურობა?", - აღნიშნავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.

გლობალური უთანასწორობა

გლობალური თანასწორობის მიღწევა არა მხოლოდ მორალური, არამედ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი საკითხია. გლობალური თანასწორობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

"მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო ვუახლოვდებით გენდერულ თანასწორობას, ცვლილებები ამ კუთხით სწრაფად არ ხდება. მაგალითისთვის, 2006 წელს ქალების წლიური საშუალო შემოსავალი 6 ათასი დოლარი იყო, კაცების - 11 ათასი დოლარი. 2015 წელს ამ მაჩვენებელმა ქალებში 11 ათასი დოლარი შეადგინა, კაცებში - 21 ათასი დოლარი. ამიტომ აუცილებელია, უფრო მეტი გაკეთდეს გლობალური უთანასწორობის შესამცირებლად და მოხდეს საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა", - ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სტატიაში.

საერთაშორისო ვაჭრობა და ინვესტიციები

საერთაშორისო ვაჭრობა და ინვესტიციები ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სხვადასხვა ქვეყნებს შორის ვაჭრობის მთავარი ელემენტი გახდა. საერთაშორისო პარტნიორებთან ვაჭრობის ნაცვლად, სულ უფრო მეტი კომპანია ყიდულობს უცხოური საწარმოების საკონტროლო აქციებს.

"სხვა ქვეყნებში ბიზნესის კეთების მხრივ ფუნდამენტური ცვლილებების მიუხედავად, საერთაშორისო რეგულაციები და შეთანხმებები იმავე ტემპით არ ვითარდება. საჭიროა სავაჭრო რეფორმა მსოფლიოს მასტაბით", - წერს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.

რძელვადიანი ინვესტიციები

გლობალური ფინანსური კრიზისიდან 7 წლის შემდეგაც კი, მსოფლიოსთვის კვლავ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ეკონომიკური ზრდის შენელება და ქვეყნის ბიუჯეტების შემცირება. შედეგად, ამან გამოიწვია გრძელვადიანი ინვესტიციების შემცირება, რასაც სერიოზული გავლენა აქვს გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე.

"საჭიროა გამოინახოს გზები და დაფინანსდეს საბაზო სისტემები და სერვისები, რომელიც ქვეყნებს რთულ ფინანსურ გარემოში ფუნქციონირებისთვის სჭირდებათ", - აღნიშნავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

myquiz