ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის გენერალურ ასამბლეას დაესწრო | Allnews.Ge

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის გენერალურ ასამბლეას დაესწრო

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე ესპანეთში ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის (Eurogîtes) გენერალურ ასამბლეას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, თინათინ ზოიძემ ასამბლეაზე აჭარის რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა და ევროპელ კოლეგებს რეგიონში არსებული მდგომარეობა გააცნო.

ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაცია 27 ქვეყნის 35 პროფესიულ ორგანოს აერთიანებს, რაც დაახლოებით 500 000 მიკრო საწარმოს და ხუთიდან 6,5 მილიონამდე საწოლ ადგილს ითვალისწინებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფედერაციაში 2015 წელს გაერთიანდა.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ასამბლეაზე ევროპის სოფლის ტურიზმის თანამედროვე გამოწვევები და სიახლეები განიხილეს. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, რომელიც რეგიონში სოფლის ტურიზმის პროდუქტების შექმნა-განვითარების კუთხით მუშაობს, ევროპულ გამოცდილებას გაიზიარებს.

„ჩვენი სააგენტო მეორე წელია აქტიურად მუშაობს აჭარის არასაზღვაო ზოლში არსებული ტურისტული პოტენციალის განსავითარებლად. დღემდე ჩვენ არაერთი საინტერესო ტურისტული მარშრუტის მარკირება-განვითარება შევძელით მთიან აჭარაში. გადავამზადეთ გიდები და ორგანიზება გავუწიეთ ოცამდე ინფოტურს აღნიშნული მარშრუტების მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილება, რადგან იქ სოფლის ტურიზმი კარგად განვითარებული, პოპულარული და შემოსავლიანი ტურისტული მიმართულებაა. ჩვენ კი ყველაფერს ახლა ვიწყებთ და გვინდა მათი რეკომენდაციებით ვისარგებლოთ,“ - აღნიშნა თინათინ ზოიძემ.

myquiz