სად შეიძლება ყველაზე მეტი დელფინის ნახვა შავ ზღვაში | Allnews.Ge

სად შეიძლება ყველაზე მეტი დელფინის ნახვა შავ ზღვაში

ზღვის პერიმეტრზე დელფინების დანახვა როგორც ბავშვებში, ასევე დიდებში დადებით ემოციებს იწვევს. დელფინების სანახავად ზოგიერთ ქვეყანაში სპეციალური ტურებიც კი არის დაგეგმილი. ძუძუმწოვრები ძირითადად, ჯოგებად გადაადგილდებიან და განსაკუთრებით თვალწარმტაცია ზღვის ზედაპირზე მათი "ცეკვის" ნახვა.

დელფინების ჯოგების ნახვა შავ ზღვაშიც არის შესაძლებელი. უფრო მეტიც, საქართველოს ტერიტორიული წყლები დასახელდა დელფინების გავრცელების "ცხელ წერტილად".

"შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერების" პროექტის ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა შავი ზღვის შესახებ 12 ახალი ფაქტი აღმოაჩინეს. მათგან ერთ-ერთ მიგნებად დასახელდა "დელფინების ადგილსამყოფელები". თუ სად შეიძლება ბევრი დელფინის ნახვა და შავ ზღვაში დელფინების რომელი სახეობები ბინადრობენ, მოცემულ კვლევაში დეტალურად არის აღწერილი.

"შავ ზღვაში ბინადრობს თეთრგვერდა ანუ ჩვეულებრივი დელფინი, შავი ზღვის აფალინა და შავი ზღვის ღორი. ყველა ისინი ითვლება ენდემურ ქვესახეობად, ანუ ისინი ცხოვრობენ მხოლოდ აქ, ამ გეოგრაფიულ რეგიონში და არ გვხვდებიან არსად სხვაგან მსოფლიოში. შავი ზღვის ერთობლივი სამეცნიერო კვლევებით განსაზღვრული იქნა სხვადასხვა სახეობის დელფინების კონცენტრაციის ადგილები.

გაზაფხულზე კარგად ჩანდა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, უკრაინის სანაპიროებთან, დუნაის დელტასთან ზღვის ღორების მნიშვნელოვანი გუნდები. აფალინა მთელი წლის განმავლობაში ძირითადად გვხვდებოდა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის სანაპირო წყლებში, რუსეთის ფედერაციის სანაპიროებთან. შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ღია ზღვის ნაწილი და საქართველოს ტერიტორიული წყლები აღინიშნა დელფინების გავრცელების "ცხელ წერტილად", პოპულარულ ადგილად, ორი სახეობისთვის - თეთრგვერდა დელფინისა და ზღვის ღორისათვის.

ჩვეულებრივ, დელფინები ბინადრობენ თავისიანებთან ერთად ანუ თეთრგვერდა დელფინები თეთრგვერდებთან, ზღვის ღორები კი - ზღვის ღორებთან. ამიტომ მეცნიერები გაკვირვებული დარჩნენ, როდესაც შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით ღია ზღვაში აღმოაჩინეს თეთრგვერდა დელფინის გუნდში ახალგაზრდა ზღვის ღორი. მეცნიერებს მოეჩვენათ, რომ მეორდებოდა "მაუგლის ისტორია" და ახალგაზრდა ზღვის ღორი იშვილა თეთგვერდა დელფინების გუნდმა. ზღვის ღორი ყველაფერში ცდილობდა მიებაძა თეთგვერდა დელფინებისათვის და როგორც ისინი, ისე მისდევდა მიმავალ გემს, არადა ასეთი ქცევა ზღვის ღორებს ჩვეულებრივ არ ახასიათებთ.

მკვლევარებმა სამწუხაროდ მიიჩნიეს ფაქტი, რომ თეთგვერდა დელფინები აღარ წარმოქმნიან დიდ გუნდებს - ასობით და ათასობით ინდივიდს, ისეთებს როგორსაც წარმოქმნიდნენ XX-ის დასაწყისში. თეთრგვერდა დელფინები ამ ეტაპზე ქმნიან მხოლოდ ცალკეულ ოჯახებს და მცირე დაჯგუფებებს.

მეცნიერები პრობლემურ საკითხად მიიჩნევენ, შავ ზღვაში დელფინების რიცხვის შემცირებას და პრევენციისთვის გარკვეულ რეკომენდაციებსაც გასცემენ: წაიკითხეთ გაგრძელება

 

ნინო ხოზრევანიძე

myquiz