რა უნდა გავითვალისწინოთ თუ სააღდგომოდ ისრაელში ჩასვლას ვაპირებთ | Allnews.Ge

რა უნდა გავითვალისწინოთ თუ სააღდგომოდ ისრაელში ჩასვლას ვაპირებთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებისთვის, იერუსალიმის ძველ ქალაქში დაკარგვის შემთხვევაში, ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.

თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

2017 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია გაიმართება 15 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში. საგარეო უწყება მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, აფრთილებს, რომ მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, თავი შეიკავონ მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან. ის პირები კი, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას მათი ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით.

"მოქალაქეები უნდა მოერიდონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური სამაჯურების - ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული სამაჯურების მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან. დაუშვებელია იმ პირებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება.

გასათვალისწინებელია, ასევე, ის გარემოება, რომ მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და შესაბამისად, ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას ძალა. აუცილებელია ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება.", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყების განმარტებით, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გამკაცრებულია ისრაელის საზღვრის კვეთის პროცედურები და შესაბამისად, გამგზავრების მსურველებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან საზღვრის კვეთისთვის დადგენილი მოთხოვნები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ უფლება, გადაკვეთონ ისრაელის სახელმწიფოს საზღვრი და უწევთ სამშობლოში უკან დაბრუნება. შექმნილი ვითარება კი განპირობებულია იმით, რომ უმეტეს შემთხვევაში დასტურდება ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეების არამიზნობრივი მგზავრობის ფაქტები, კერძოდ, ჩვენი მოქალაქეების ისრაელის სახელმწიფოში არალეგალურად დარჩენისა და მუშაობის მიზნით გამგზავრების კუთხით.

ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს "უსაფრთხო ქვეყნის" აღიარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 17 აპრილიდან ამოქმედდება კიდევ ერთი ახალი რეგულაცია. ხსენებული რეგულაციის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს მიმართავენ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, განხილულ იქნება დაჩქარებული წესით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს უარს ეტყვიან განცხადების განხილვაზე, მის მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყება ისრაელის სახელმწიფოდან იძულებით გაძევების (დეპორტაციის) პროცედურები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ტაბატაძის თქმით, ეს პროცედურა დასრულდება მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში, რაც ნიშნავს რომ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც შეიტანს 17 აპრილიდან მოთხოვნას თავშესაფართან დაკავშირებით, ვინაიდან მათი განცხადება არ იქნება დაკმაყოფილებული, მათი დეპორტაცია მოხდება მაქსიმუმ ერთ კვირაში. ტაბატაძის განმარტებით, ისრაელმა ჩვენ შეგვიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ საფუძველი მოითხოვონ თავშესაფარი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ რეგულაციის შემოღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საქართველოს მოქალაქეები, თავშესაფრით უზრუნველყოფაზე უარყოფითი პასუხის მიღების მიუხედავად, არალეგალურად რჩებოდნენ ისრაელის ტერიტორიაზე.

"უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელური მხარე საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირებას, როგორც საზღვარზე, ისე ქვეყნის შიგნით ახდენს ბიომეტრული მონაცემებითა და პირადი ნომრის მეშვეობით, რაც მინიმუმამდე ამცირებს შეცვლილი დემოგრაფიული მონაცემებით ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არალეგალური მიზნებით შეღწევის მცდელობას", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ისრაელში გამგზავრების მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები (მოწვევა ან იმ პირის ბინადრობის ნებართვის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით, სასტუმროს ჯავშანი ან იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ იცხოვრებთ თქვენს მეგობართან ან ახლობელთან, იმ სამედიცინო დაწესებულების დასტური, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას, სამოგზაურო ან სამედიცინო დაზღვევა და სხვა); მგზავრობის სრული პერიოდისათვის საარსებოდ და სამშობლოში დაბრუნებისათვის საკმარისი თანხის ფლობის დამადასტურებელი საბუთი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკები ან მოქმედი საბანკო ბარათები და ა.შ.); სამგზავრო ბილეთი ორივე მიმართულებით (ავიაბილეთი, ქვეყნის შიგნით ავტობუსის ან მგზავრობის სხვა საშუალების ბილეთი და ა.შ.); საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს შესვლიდან სულ მცირე 6 თვეს.

საქართველოში ისრაელის ელჩის შაბთაი ცურმას თქმით, 2016 წელს საქართველოდან ისრაელში ჩავიდა 13 188 ტურისტი, მათ შორის 3 700-მა მოითხოვა თავშესაფარი. თავშესაფარი უფლებას აძლევდა მოქალაქეებს, რომ სამი წლის განმავლობაში ემუშავათ ისრაელის სახელმწიფოში. მისივე თქმით, 10 მაისს გაიმართება ორი ქვეყნის საკონსულო სამსახურებს შორის მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

myquiz