მივიწყებული ქართველები - BBC-ის რეპორტაჟი აფხაზეთიდან დევნილებზე | Allnews.Ge

მივიწყებული ქართველები - BBC-ის რეპორტაჟი აფხაზეთიდან დევნილებზე

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წლის შემდეგ, ბევრმა ადამიანმა, რომელიც საცხოვრებელ სახლებსა და სამსახურებს ეძებდნენ, თავი საქართველოს მიტოვებულ შენობებს შეაფარა.

ამ შენობების მაცხოვრებელთა ნაწილი 1992-93 წლებში აფხაზეთის ომის დევნილია. ომის შედეგად ნახევარ მილიონ ადამიანს საცხოვრებლის შეცვლა მოუწია, დანარჩენები კი თავშესაფრის გარეშე დარჩნენ, რადგან საჭირო რესურსის მოძიება ვერ შეძლეს.

თბილისში, საბჭოთა კავშირის დროინდელი საავადმყოფოს შენობაში, ამჟამად დაახლოებით, 400 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ყოველდღიურობაც ფირზე BBC-ს ფოტოგრაფმა, ჯეიკობ ბორდენმა ასახა.

მაია დაიაური 45 წლისაა და მიტოვებულ ოთახში საცხოვრებელი გარემოს შექმნას ცდილობს. ყველა მიტოვებულ ოთახში პატარა გაზქურა და შეშის ღუმელია, რომლითაც აქ მაცხოვრებლები ზამთარში თბებიან. ხოლო მათ, ვისაც ამის შესაძლებლობაც არ გააჩნია, მეზობლები ეხმარებიან, რომ არ გაიყინონ.

მიტოვებული საავადმყოფო დაუცველია. აქ ელექტროობა დაზიანებული სადენებითაა გაყვანილი, რომელზეც დაზიანებული სახურავიდან წყალი წვეთავს. არასწორად დამონტაჟებული გაყვანილობის გამო 2015 წელს აქ ბავშვი დაიღუპა.

შენობაში დაახლოებით 80 ბავშვი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობაც 6 წლამდე ასაკისაა. 2 წლის ნიკოლოზ ბერიაშვილი დედასთან, მამასთან და დასთან ერთად, ერთ ოთახში ცხოვრობს.

გარდა ამისა, აქ მაცხოვრებელი ზოგიერთი მცირეწლოვანი სკოლაშიც არ დადის, მათმა გარკვეულმა ნაწილმა კი სწავლა უმცროსი დებისა და ძმების მისახედად შეწყვიტა.

მაცხოვრებელთა უმეტესობა სახელმწიფოს სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. მათ სოციალურად დაუცველის სტატუსით ყოველთვიურად მიღებული 300 ლარი, რომელსაც საკვებში ხარჯავენ, ოდნავ უკეთესი პირობების მქონე ბინის დაქირავებასა და ოფიციალური სამსახურის შოვნას ურჩევნიათ.

ეზოში საბჭოთა კავშირის დროინდელი ავტომობილი დგას, რომელიც შენობას შეჰყურებს. მიტოვებული საავადმყოფოს ასაკოვანი მაცხოვრებლები კომუნისტურ რეჟიმს ნოსტალგიით ისხენებენ და ყვებიან თავიანთი სახლების, სამსახურებისა და სტაბილურობის შესახებ. ზოგიერთი მათგანი კი განიცდის იმას, რომ ისინი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულები არ არიან.

მათიკო ფირცხულავა 46 წლისაა და ორ გაერთიანებულ ოთახში მთელი დღე მარტოა, რადგან მისი შვილები სასულიერო სემინარიაში სწავლობენ. შენობაში ბევრი მარტოხელა დედაა.

აქაურები თავიანთი ოთახების კომფორტულად მოწყობას შეძლებისდაგვარად ცდილობენ. წმენდენ ძველ იატაკებსა და კედლებს, აკრავენ შპალერს.

ერთ-ერთ ოთახში პატარა აკვარიუმი დგას, რომელშიც მხოლოდ ერთი თევზი დაცურავს.

მიტოვებულ საავადმყოფოში დაახლოებით 150 ოჯახი ცხოვრობს. 7 წლის მარიამ გაბისონიას დასთან ერთად სძინავს და ავარიული შენობის დერეფნებშიც მასთან ერთად თამაშობს.

42 წლის ია ოჩიაური ორ შვილთან და ქმართან ერთად ცხოვრობს და დამატებით სამსახურს ეძებს, რათა თავი ირჩინოს.

აქ მაცხოვრებელთა უმეტესობა ამბობს, რომ მიტოვებულობის განცდა აქვთ.

46 წლის მათიკო ფირცხულავა: "თავს ქართული საზოგადოების წევრად არ ვგრძნობ."

myquiz