მოგზაურობა პანკისის ხეობაში - ადგილი, სადაც დრო ჩერდება | Allnews.Ge

მოგზაურობა პანკისის ხეობაში - ადგილი, სადაც დრო ჩერდება

გამორჩეული სტუმართმოყვარეობა, სარწმუნოებისა და ისტორიული წარსულის ერთგულება, თვითმყოფადობის შენარჩუნების გაუნელებელი სურვილი, ხელუხლებელი ტრადიცია და მრავალწლოვანი კულტურა, ხალხი, რომელსაც წინააღმდეგობა და მკაცრი ადათები არ აშინებს, ხეობა, რომელსაც კავკასიონი იცავს - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პანკისში!

mecheti.jpg

ახმეტიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, სოფელ მატანს პირველი ქისტური დასახლება ენაცვლება. მზე თანდათანობით მთებს ეფარება, გარემოს კი მკაცრი იერსახე ემატება. მიუხედავად იმისა, რომ საღამოა, სოფლები ხალხმრავლობით მაინც არ გამოირჩევა. გზადაგზა, ველოსიპედების სილუეტები მოჩანს, შემხვედრთა უმეტესობა მამაკაცია, მათი დიდი ნაწილი წვეროსანია.

სახლთან ახლოს თეთრთმიანი, ცისფერთვალება ბავშვები თამაშობენ, მანქანის ჩავლისას კი ცნობიმოყვარე თვალს გაყოლებენ.

ხეობაში საზაფხულო სამუშაოები წამოუწყიათ, პანკისში მრავალი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირი პირველად ახლა შეჰყავთ. ძირითად სამუშაოს ადგილობრივები ასრულებენ.

"სანამ ჩვენ ევროპაში შევალთ ჩემი ძვლებიც აღარ იქნება"- ამბობს ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც ტაქსიში მძღოლის გვერდით ზის და მიმდინარე სამუშაოებს სკეპტიკური გამომეტყველებით აკვირდება. დუისისა და ჯოყოლოს შემდეგ სოფელი ბირკიანია.

ამ სოფელმა მას შემდეგ გაითქვა სახელი, რაც მსოფლიომ თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ-შიშანის, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლის, შესახებ შეიტყო. ჩემი მასპინძელი ამ სოფელში ბათირაშვილების სახლიდან ოდნავ მოშორებით ცხოვრობს.

სახლს, რომელიც მთის ძირას დგას გარე სამყაროსგან პატარა რკინის ჭიშკარი გამოყოფს. მის მფლობელობაში კი მწვანე ეზო და ლამაზი ყვავილებია. სტუმრის დანახვით ყველაზე მეტად 8 წლის მარიამია გახარებული. ის გარეთ გამორბის და მამას ეხუტება, რომელსაც მთელი ოჯახი მოფერებით ბააბას ეძახის. "ბაბას" დღეს კლიენტების შოვნა არ გასჭირვებია, ზაფხულია, ამიტომ პანკისში წამოსვლისა და ოჯახის წევრების მონახულების მსურველიც ბევრია.

pankisi-ezo.jpg

"ხეობაში მამაკაცების უმეტესობა მეცხოველეობით ირჩენს თავს, ვისაც მანქანა ჰყავს თბილისსა და პანკისს შორის გადაადგილების მსურველებს ემსახურება და ოჯახს ამით არჩენს. ახალგაზრდობა ახლა ამ საზაფხულო სამუშაოებზეა დასაქმებული.

ისე სამსახური თითქმის არ იშოვება. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ადამიანების უმეტესობა ახლომდებარე ქვეყნებში წასვლას ცდილობს ნაწილი კი სირიაში გაპარვაზეც არ ამბობს უარს, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს."- გვეუბნება რუსლან ქუშანაშვილი.

რუსლანის მეუღლე დაწყებითი კლასების მასწავლებელია. მის სახლს სკოლისგან ახლა ერთი ღობე გამოჰყოფს, თუმცა იყო დრო, როცა სამუშაოდ სხვა სოფელში ფეხით დადიოდა. იმის გამო რომ დამხმარე არავინ ჰყავდა, სამსახურში მცირეწლოვანი შვილიც თან დაჰყავდა.

"სამსახურის შოვნა ძალიან ძნელია, ამიტომ ყველაფერს თმობ და იტან იმისთვის, რომ ის შეინარჩუნო რაც გაქვს.

ხეობაში ქალების უმეტესობა დიასახლისია და საოჯახო საქმეებს აგვარებს, ნაწილი მეუღლეს სოფლის მეურნეობაში ეხმარება. ძირითადი სამუშაო, ალბათ, უფრო სკოლებში, საბავშვო ბაღებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და კულტურის სახლშია"- ამბობს მაია ბორჩაშვილი.

სახლში გროზნოდან ჩამოსული სტუმრები არიან. პანკისის ხეობას რუსლანის და ესტუმრა. თავის ოჯახთან ერთად ხეობაში ყოველ ზაფხულს ჩამოდის. ოჯახის წევრებისთვის ჩეჩნეთიდან საჩუქრები ჩამოიტანა და ახლა მათ ასაკისა და საჭიროების მიხედვით ანაწილებს. მაია თავის ოთხ შვილთან ერთად იატაკზე ზის, საჩუქარს ოჯახის ყველა წევრი მოთმინებით ელის. საერთო თავყრილობას 75 წლის ბებია, ანო ქუშანაშვილი, უერთდება. მის შემოსვლას ყველა ფეხზე ადგომით ეგებება.

"ასე უფროსი ადამიანის მიმართ პატიივისცემას გამოვხატავთ"- მიმარტავს მაიას უფროსი შვილი მილენა:

"არ აქვს მნიშვნელობა ერთი წლით არის უფროსი თუ ნახევარი საუკუნით, სახლში შემოდის თუ უბრალოდ ქუჩაში გაივლის, ფეხით არის თუ მანქანით, ერთხელ გაივლის თუ რამდენჯერმე, ყოველ ჯერზე ჩვენს დამოკიდებულებას ასე ვაფიქირებთ"

ეს ერთადერთი ჩვეულება არ არის, რომელიც უცხო ადამიანის გაკვირვებას გამოიწვევს. ვახშმობის დრო დგება. ოჯახის წევრები ხელების დაბანის შემდეგ ლოცვას ქისტურად კითხულობენ, მალე ასრულებენ და მაგიდას უახლოვდებიან. ჯერ მამაკაცები სხდებიან, მათთან ერთად მაგიდასთან ადგილის დაკავების უფლება ოჯახის პატარა წევრებსაც აქვთ, რძლები ფეხზე რჩებიან და მაგიდას ემსახურებიან.

"ეს ძველი წესია, განვითარებულ ოჯახებში სუფრასთან ყველა წევრი ერთდოულად ჯდება, თუმცა იყო დრო, როდესაც ქალები მამაკაცების ვახშმობის დასრულებას უნდა დალოდებოდნენ"- ამბობს მილენა.

მეორე დღეს მილენას უმცროსი და მალიქა მაღვიძებს. ტყეში უნდა წავიდეთ, თუმცა იმის გამო, რომ შორ მანძილზე გოგოების მარტო სიარული მიზანშეწონილი არ არის, ერთსართულიანია სახლის აივანზე გოგოების ბიძაშვილები გველოდებიან.

ტყეში სამანქანო გზა თითქმის არ არის, ამიტომ ალაზნის მარცხენა სანაპიროზე გადავდივართ და საცალფეხო ბილიკს მთის მწვერვალისკენ ფეხით მივუყვებით.

მალიქამ გიდის ამპლუა ოსტატურად მოირგო და სანამ დანიშნულების ადგილს მივაღწევდეთ თავის საქმიანობასა და ამ ტყესთან დაკავშირებულ მოგონებებზე მიამბო.

მიუხედავად იმისა, რომ სწავლა, ცეკვაზე სიარული და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე დასწრება ურჩევნია, დროის უმეტეს ნაწილს მაინც ოჯახის წევრების დახმარებაში ატარებს.

"პანკისში წაბლის კრეფის სეზონი ოქტომბერში დგება, ოჯახთან ერთად ხოროჯოში სწორედ ამ დროს ამოვდივართ. პატარა ქოხში 2 კვირის განმავლობაში ვცხოვრობთ, ყოველ დღე 5 საათზე ვდგებით, რათა წაბლისთვის გამოსულ სხვა ადამიანებს დავასწროთ დაკრეფა"- მიყვება მალიქა.

"ვერ გეტყვი, რომ წაბლის კრეფა სასიამოვნო პროცესია, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი დღის განმავლობაში დასვენებისთვის და საჭმელად, სულ რაღაც, ნახევარი საათი გვრჩება. გასულ წელს ოჯახის დახმარებამ სწავლაში ხელიც კი შემიშალა, განსაკუთრებით ქართულში ჩამოვრჩი, მასწავლებელმა ჩემი მიზეზი არ გაითვალისწინა და წლის ბოლოს დაბალი ნიშანი გამომყვა"- ამბობს მალიქა და გულისწყვეტას ვერ მალავს.

ოჯახში მეტი წევრი აქ მეტ მუშახელს ნიშნავს, ამიტომ საშემოდგომო წაბლისკრეფაში მონაწილეობას პატარა მარიამიც იღებს, ტყეს სხვებზე ნაკლებად არც ის იცნობს და გზაში ჩემი ყურადღების შეჩერებას სათითაო ხეზე, ყვავილებით მორთულ ლოდებზე, წყაროებსა და დაჭაობებულ გუბეებზე ცდილობს. ყოველ წამს თითს აღტაცებით იშვერს და ჩემი რეაქციის შემოწმებას დაჟინებული მზერით ცდილობს.

ჩემს თანამგზავრებს ქისტურად საუბარი ურჩევნიათ, ამიტომ სახლშიც და გარეთაც ქართულად იშვიათად ლაპარაკობენ.

თუ ჩათვლიან, რომ განხილვის თემა შესაძლოა, ჩემთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს ჯგუფის ერთი წევრი ყველაფერს ქართულად მითარგმნის შემდეგ კი საუბარს ისევ ქისტურად აგრძელებს. ჩვენი ლაშქრობა 5 კილომეტრის გავლის შემდეგ პატარა ქოხთან დასრულდა.

ამ ხის სახლში რუსლანის ძმა წელიწადში 10 თვეს ატარებს - 15 სული ძროხა ზამთრის დასრულებისთანავე ამოჰყავს და დიდი თოვლის მოსვლამდე აქ რჩება. "გააჩნია როგორი ზამთარი მოვა და როდის მოვა. ზოგჯერ აქ ძველ ახალ წელსაც კი შევხვედრივარ "- ამბობს ოსმან ქუშანაშვილი.

ტყეში სტუმრების მისვლა განსაკუთრებით უხარიათ: "ხშირად არ ვარ მარტო, აი ასე მახარებენ და მახალისებენ ხოლმე ტყის სტუმრები, ხან გზააბნეული ტურისტებიც კი ამოდიან აქამდე"- გვეუბნება ოსმანი და თან სუფრასთან გვიწვევს. მდინარეში საკუთარი ხელით დაჭერილი კალმახებითა და ტრადიციული ქისტური საჭმლით კალდეთითა და ჯიჯიგ გალანიშით გვიმასპინძლდება.

თავად კი თავის უმცროს ვაჟიშვილთან ერთად ძროხების მოსაყვანად გადის. პანკისში ბიჭები ძირითადად მამის დამხმარეები არიან. 14 წლის ასაკშიც კარგად იციან, როგორ მოუარონ საქონელს, მოიტანონ შეშა, გაუმკლავდნენ მეურნეობას.

18 წლის არბისთვის ისევე, როგორც ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭების უმეტესობისთვის, სასურველი ქალი მაღალი, სრული, თეთრი და ცისფერთვალება უნდა იყოს, გრძელი თმები ქისტი ქაალების მთავარ მშვენებად ითვლება.

მოკრძალებული, ჭკვიანი მაგრამ თავმდაბალი, მოსიყვარულე, მშრომელი და ერთგული. ასეთია კრიტერიუმები, რომლითაც ახალგაზრდა მამაკაცები "გულის სწორის" შერჩევას ცდილობენ. თუმცა არსებობს ერთი მთავარი მახასიათებელი და ეს ბიჭის გაჩენის უნარია, ვაჟიშვილის ლოდინში აქაურმა ქალმა შეიძლება 10 შვილი გააჩინოს.

სადილის შემდეგ მდინარეზე ჩავდივართ. ამ მთებში ალაზანი სათავეს იღებს, ამიტომ წყალმცირე მოედინება.

დაგუბებულ საბანაოზე გოგოები და ბიჭები ცალკევდებიან და განსხვავებულ ადგილებს ან წყალში ჩასვლის განსხვავებულ დროს ირჩევენ. "არც ერთი გოგო არ მისცემს საკუთარ თავს უფლებას, რომ ტანზე ჩაუცმელი ბიჭი დაინახოს"- ამბობს მილენა და ალაზანში თითონაც ჩაცმული ჩადის.

სეირ დიქ ხირ - ტყიდან სოფელში ჩამოსულები გარეთ გამოსულ მეზობლებს საღამო მშვიდობისას ვუსურვებთ.

უკვე თერთმეტის ოცი წუთია, მოლა ხეობას ლოცვისკენ უკანასკნელად, მეხუთედ, მოუწოდებს. ეს ერთადერთი ხმაა, რომელიც პანკისის მიძინებულ ხეობას რეალობაში აბრუნებს.

ავტორი: სალომე აბულაშვილი

myquiz