პირველი ქვეყანა, რომელმაც თამბაქო აკრძალა | Allnews.Ge

პირველი ქვეყანა, რომელმაც თამბაქო აკრძალა

ბუტანი აზიაში მდებარე ინდოეთის და ჩინეთის მოსაზღვრე ქვეყანაა. ჰიმალაის მთებთან მდებარე ეს სახელმწიფო ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული სახელმწიფოა მსოფლიოში. სწორედ ეს ქვეყანა გახდა პირველი, რომელმაც 2010 წლის თამბაქოს აქტის მიხედვით, მოწევა და თამბაქოს გაყიდვა აკრძალა. კანონი კრძალავს თამბაქოს მოყვანას, წარმოებას, მიწოდებას და დისტრიბუციას ქვეყანაში.

თამბაქოს აქტში აღნიშნულია, რომ თამბაქო სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობას. ეს კი ადამიანების ბედნიერებაზე უარყოფითად აისახება, სწორედ ფიზიკური ჯანმრთელობაა ქვეყანაში მოსახლეობის ბედნიერების დონის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი.

აღსანიშნავია, რომ ბუტანის მთავრობა პერიოდულად ითვლის "მთლიანი ნაციონალური ბედნიერების" დონეს. ამ მხრივაც ბუტანი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში. ამ სახელმწიფოს ხელისუფლება ქვეყნის განვითარებას არა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის მიხედვით, არამედ სწორედ "მთლიანი ნაციონალური ბედნიერების" დონის ზრდით აფასებს.

"მთლიანი ნაციონალური ბედნიერების" დონის განსაზღვრისას ოთხ ძირითადად კომპონენტს ითვალისწინებენ. მათ შორისაა მდგრადი განვითარება, კულტურული ღირებულებების შენარჩუნება და ხელშეწყობა, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება, კარგი მმართველობის შემქნა.

საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ ბუტანის მთავრობა შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად ზრუნავს ბუნებასა და გარემოზე სხვა ქვეყნების მთავრობებთან შედარებით.

მას ხშირად ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა სახელმწიფოსაც უწოდებენ. ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაცულ ტერიტორიებადაა გამოცხადებული, სადაც ნადირობაც აკრძალულია.

ბუტანი მონარქიული სახელმწიფოა, რომელსაც ჰყავს მეფე. ბუტანის მეოთხე მეფე ჯიგმე სინგე ვანგჩუკმა, რომელიც ტახტზე 1972 წელს ავიდა, ქვეყანა ახალი ინტრასტრუქტურით უზრუნველყო (ელექტროენერგია, ტელეფონები, გზები), თუმცა, ისე, რომ ეკოლოგიას მინიმალური ზარალი მიადგა.

ამასთან სწორედ ამ მონარქმა შეზღუდა ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტების შესვლა, რაც შეიძლება ითქვას დღემდე მოქმედებს. უცხოელი, რომელიც ბუტანში ჩადის, ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს 200 დოლარი. ხოლო კიდევ დაახლოებით 200 დოლარი უნდა იხადოს ყოველი შემდგომი დღისათვის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში აეროპორტი 1984 წლამდე არ არსებობდა, რის გამოც, ბუტანი კიდევ უფრო მიუვალ ადგილს წარმოადგენდა უცხოელებისთვის.

ბუტანი იმითაც გამოირჩევა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან, რომ იგი ერთ-ერთი ბოლო სახელმწიფო იყო, რომელმაც ტელევიზიასა და ინტერნეტზე აკრძალვა მოხსნა. 1999 წელს ამ ქვეყანაში პირველად გამოჩნდა ტელევიზია. მაშინდელმა მეფემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ტელევიზიის დაშვება ბუტანის მოდერნიზაციისთვის გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯი იყო, რომელიც ქვეყნის "მთლიანი ნაციონალური ბედნიერების" დონის ზრდას შეუწყობდა ხელს. თუმცა, ამასთან განაცხადა, რომ ტელევიზიის არამიზნობრივად გამოყენება საფრთხეს შეუქმნიდა ტრადიციულ ღირებულებებს.

myquiz