ვერცხლი და ბრინჯაო Cannes Lions-ზე - რატომ არის საქართველო პლანეტის ყველაზე კრეატიული ადგილი | Allnews.Ge

ვერცხლი და ბრინჯაო Cannes Lions-ზე - რატომ არის საქართველო პლანეტის ყველაზე კრეატიული ადგილი

რატომ არის საქართველო პლანეტის ყველაზე კრეატიული ადგილი? - სწორედ ამ სათაურით გამოჩნდა სტატიები მსოფლიოს წამყვან გამოცემებში, მას შემდეგ რაც ქართულმა სააგენტომ Cannes Lions ფესიტვალზე კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. Windfors-ის ნამუშევარმა Dinner With Georgia, რომელიც საქართველოს მე-6 მილიონე სტუმარს ეძღვნებოდა, ფესტივალზე PR-ის კატეგორიაში ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა. ეს არის პირველი ვერცხლის ჯილდო Cannes Lions-ზე ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში.

საქართველოს წარმატების ისტორია კრეატიულ ინდუსტრიაში 2011 წელს სწორედ ამ სააგენტოს პირველი ჯილდოთი იწყება. მაშინ პატარა ქვეყნის წარმომადგენელმა რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე ოქროს ჯილდო მოიპოვა "თიბისი ბანკის" სარეკლამო კამპანიისთვის.

მოგვიანებით 2015 და 2016 წლებში სააგენტო Leavingstone-მა Cannes Lions-ზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სააგენტოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ლეფსვერიძემ რამდენიმე კვირის წინ უპრეცედენტო შედეგს მიაღწია კონკურსზე Golden Hammer რიგაში. მან ერთი გრან-პრი, 5 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თუმცა სააგენტო ამას დასჯერდა და წლის ციფრული სააგენტოს წოდებაც წამოიღო საქართველოში.

Cannes Lions 2017 17 ივნისს დაიწყო და 24 ივნისამდე გაგრძელდება. ფესტივალზე 5 ქართული ახალგაზრდული გუნდი და 32 ქართული ქეისია წარდგენილი. ქართული გუნდები მსოფლიოს პირველობისთვის ბრძოლას 5 კატეგორიაში აგრძელებენ. ესენია დიზაინის, ბეჭდური რეკლამის, ციფრული კამპანიის, ახალგაზრდა მარკეტერისა და ვიდეო რეკლამის კატეგორიები.

myquiz