"შანსი მომცეს და რატომ არ უნდა გამომეყენებინა?!" | Allnews.Ge

"შანსი მომცეს და რატომ არ უნდა გამომეყენებინა?!"

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა 20 მარტს დაიწყო ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი". კონკურსის ფარგლებში ახალბედა და უკვე შემდგარ მწერლებს თავიანთი ნაწარმოებები უნდა წარედგინათ: პირველ ტურში დასაწყისი (50 გვერდი), ხოლო გამარჯვებისა და მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში გაგრძელება (30-დან 60 გვერდამდე). პირველ ტურში უნდა გამოვლენილიყო 15 გამარჯვებული, რომელთაგან 10-ს მკითხველი აირჩევდა, 5-ს - სპეციალური ჟიური. გამარჯვებულები მეორე ტურში გააგრძელებენ პაექრობას.

საბოლოოდ გამარჯვებულ 5 ავტორს ასევე მკითხველის ხმა და ჟიური გამოავლენს: 3 მათგანს ხალხი დაასახელებს, 2-ს კი ჟიური. ხუთივე გამარჯვებულის რომანს გამომცემლობა "პალიტრა L"-ი გამოსცემს. ასე რომ, კონკურსი გრძელდება.

მსგავსი კონკურსებით უცხოეთში არაერთ მწერალს გაუკვალავს გზა. ცხადია, ახალგაზრდა მწერლისთვის ამაზე დიდი საჩუქარი წარმოუდგენელია, - მწერალი მკითხველის გარეშე ვერ იარსებებს, არადა, ახალგაზრდა მწერლებისთვის წიგნების დაბეჭდვა ხშირად მიუწვდომელი ოცნებაა. ამიტომაც იყო, რომ კონკურსი მეტად პოპულარული გამოდგა - თავიანთი ნაწარმოები 272-მა კონკურსანტმა წარმოადგინა.

საკმაოდ მძაფრი ლიტერატურული პაექრობის პირველი ტური 31 მაისს დამთავრდა, სადაც 15 გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულები მეორე ტურში თავიანთი ნაწარმოებების გაგრძელებას 1-დან 16 ივნისამდე წარადგენენ, 16-დან 30 ივნისის ჩათვლით კი მკითხველსა და სპეციალურ ჟიურის კვლავ ექნებათ მათთვის ხმის მიცემის საშუალება. ივლისის დასაწყისში გამომცემლობა "პალიტრა L"-ი 5 გამარჯვებულისთვის დაჯილდოების ცერემონიას გამართავს. ყველაზე სასურველი ჯილდო, რაღა თქმა უნდა, 5 ბესტსელერის გამოცემა და მათი პოპულარიზება იქნება.

ასე რომ, სახალხო პროექტი გრძელდება. ჩვენ ამ პროექტის პირველ ტურში ხალხის არჩეული ათეულის წევრებს დავუკავშირდით, რომლებიც გამარჯვების გამო სიხარულს ვერ ფარავენ. მათგან პირველი ტურის პირველადგილოსანი ავჭალის დასახლების სკოლის კურსდამთავრებული, 17 წლის თორნიკე ზვიადაურია 15 401 ხმითა და რომანით "არსება".

თორნიკე ზვიადაური: - ჩემთვის ეს კონკურსი დიდი სიხარულის მომტანი აღმოჩნდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ სიტყვას ისე დავიმორჩილებდი, რომანი დამეწერა, მაგრამ დავწერე, სხვათა შორის, ერთი ამოსუნთქვით, რადგან ეს ჩემი ცხოვრების ამბები იყო. რაღაც ისეთი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რამაც წერა დამაწყებინა. როცა დავწერე, აზრად არ მომსვლია, თუ კონკურსზე გავიტანდი, მაგრამ "პალიტრა L"-ის კონკურსის პირობებმა გადამაწყვეტინა. მოკლედ, ბევრი აღარ მიფიქრია, შანსი მომცეს და რატომ არ უნდა გამომეყენებინა?! თუმცა, უნდა გამოვტყდე, რომ ძალიან ვღელავდი. პირველ დღეებში თითქოს არაფერი, მაგრამ როცა კონკურსი გახურდა, ვეღარ ვისვენებდი. კონკურსის პირველი ტურის დამთავრების წინადღეს თითქმის არ მეძინა.

- მწერლობის დაწყებას სერიოზულად აპირებ?

- შეიძლება, რადგან ასეთი რამეები ადამიანს სტიმულს აძლევს. თუ გავიმარჯვე და ჩემი ნაწარმოები გამოიცა, მაშინ მართლაც ბედნიერი ვიქნები.

კონკურსის პირველი ტური გამარჯვებით დასრულდა 25 წლის ია კარგარეთელისთვისაც მართლაც საინტერესო რომანით "უზრიელ ღაზალი", რომელიც მკითხველის პირველი ტურის რეიტინგში მეორეა.

ია კარგარეთელი: - პროფესიით დიზაინერი ვარ, მაგრამ წერა ისეთ სიხარულს მანიჭებს, რომ ხშირად ვწერ. ჩემი ნაწერები პატარ-პატარა კონკურსებზეც გამიტანია, თუმცა "პალიტრა L"-ი ისეთ შანსს მაძლევდა, როგორიც ჯერ არ მქონია. ამიტომ კონკურსზე ისეთი ნაწარმოები წარვადგინე, რომელიც ჩემთვის გამორჩეულია. მისი დაწერა ისე მქონდა ჩაფიქრებული, რომ მკითხველი სრულიად სხვა, უცხო სამყაროში შემეყვანა - აღმოსავლეთში, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში თავად ვცხოვრობდი და აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის არსებული პოლემიკა და კავშირი ჩემთვის უცხო არ არის. ასე რომ, ჩემი რომანის გმირები "აბუ უზრას" ტომის ბელადი იუსუფ რაშიდი და ქართველი მწერალი თამთა ჯანდიერი არიან . ისტორია მოწმობს, როგორ იტაცებდნენ ქართველ ქალებს აღმოსავლეთში და რაოდენ დიდ პატივს სცემდნენ მათ არამხოლოდ სილამაზის, არამედ გონებრივი შესაძლებლობების გამოც. მეც სწორედ ეს მინდოდა აღმეწერა.

- ლამაზად აღწერე, ამას კონკურსის კომენტარებშიც წერენ.

- კომენტარები სიხარულით მავსებდა. ამ კონკურსმა დიდ აუდიტორიასთან შეხვედრის საშუალება მომცა. თუ გამიმართლა და გამარჯვებულებში აღმოვჩნდი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ექნება...

მეორე ტურში მონაწილეობას შემდეგი კონკურსანტები განაგრძობენ:

მკითხველის რჩეული:

1. თორნიკე ზვიადაური

2. ია კარგარეთელი

3. ანა მაწკეპლაძე

4. შორენა ხუხუა

5. ანუკი შატაკიშვილი

6. თათული ღვინიანიძე

7. ნათია სააკაშვილი

8. გიორგი ჩაჩაჩხიანი

9. ბექა შამათავა

10. ანა კალანდაძე

ჟიურის რჩეული:

1. ივანე ჯაფარიძე

2. ალისა დოდჯსონ

3. ნოდარ მამაცაშვილი

4. ნუგზარ ღვალაძე

5. გიორგი მანელი

 

 

ეთერ ერაძე

myquiz