რატომ ჩაიშალა გორან ბრეგოვიჩის კონცერტები უკრაინასა და პოლონეთში | Allnews.Ge

რატომ ჩაიშალა გორან ბრეგოვიჩის კონცერტები უკრაინასა და პოლონეთში

მე უბრალო მუსიკოსი ვარ და ჩემს აუდიტორიას ვეძებ. მე არ წარმოვადგენ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, მე მსმენელს მხოლოდ საკუთარ მუსიკას ვთავაზობ. მუსიკოსის დევნა იმის გამო, რომ ის ყირიმშია ნამყოფი, უაზრო და უსარგებლო ისტერიკაა. ჩემს კონცერტებს ყირიმსა და უკრაინაში ერთი და იგივე ხალხი ამზადებდა. არ მეგონა თუ ეს რაღაც კატასტროფაში გადაიზრდება. მაგრამ ეს აუცილებლად ჩაივლის, - ასეთი განცხადება BBC-ის რუსულ ბიუროსთან ინტერვიუში ცნობილმა ბალკანელმა მუსიკოსმა, გორან ბრეგოვიჩმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ორი წლის წინ, ოფიციალურმა კიევმა მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

უკრაინისა და პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიზეზი 2015 წლის 26 მარტს ოკუპირებული ყირიმში კონცერტის გამართვა გახდა.

"ახლა როდესაც პოლონეთის საზღვრების სიახლოვეს გაჩაღებულია ომი, Life Festiwal-ის ანტისაომარი მესიჯი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს" - განაცხადეს ფესტივალის ორგანიზატორებმა. მათი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, ყირიმის ტერიტორიაზე გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევა, თავისუფლებების, მათ შორის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ეთნიკური უმცირესობების დევნა. ყირიმში გამართული კონცერტის შემდგომ კომენტარებში, ბრეგოვიჩმა ანექსირებულ ტერიტორიაზე გამოსვლის მნიშვნელობა დააკნინა და უკრაინის საქმეებში რუსეთის შეიარაღებული ჩარევის დაგმობას გაერიდა. ასეთი გამონათქვამები Life Festiwal-ის ანტისაომარ პოზიციას ეწინააღმდეგება", - განაცხადეს მაშინ ფესტივალის ორგანიზატორებმა.

ყირიმის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონცერტის გამართვის გამო, 26 აგვისტოს, Black Sea Arena-ზე დაგეგმილ კონცერტს, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი უარყოფითად შეხვდა.

BBC-ის კითხვაზე - "მიიჩნევთ თუ არა, რომ ყირიმში ჩასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო?" - ბრეგოვიჩი პასუხობს, რომ სწორი გადაწყვეტილება - მუსიკის შესრულებაა.

"მუსიკა - პირველი ადამიანური ენაა. ამის შესახებ მეცნიერები საუბრობენ. გერმანიაში აღმოაჩინეს ფლეიტა, რომელიც 20 000 წელიწადს ითვლის. ეს ნიშნავს, რომ მუსიკა პოლიტიკაზე, რელიგიაზე და ენებზე ადრე გაჩნდა. ამიტომ სადმე მუსიკის შესრულების აკრძალვა არასწორია. პოლიტიკა მე არ მაინტერესებს, მე მისი არ მჯერა. ჩემი ქვეყანა სწორედ პოლიტიკის მსხვერპლი გახდა" - ამბობს ბრეგოვიჩი.

მუსიკოსი საკუთარ თავს იუგოსლავს პრინციპულად უწოდებს: ის ახლანდელი ბოსნია და ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში დაიბადა, მამამისი ხორვატი კათოლიკეა, დედა - სერბი მართლმადიდებელი, მეუღლე კი - მუსლიმი ბოსნიელი.

"რუსულ კულტურასთან შედარებით, მე პატარა კულტურას წარმოვადგენ. ჩვენ ყოველთვის რუსეთის უმცროს ძმებად გვთვლიდნენ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ რუსულ კულტურას, ყველა რუს კომპოზიტორს, მწერალს. მე ყოველთვის ვოცნებობდი რუსეთში მოგზაურობაზე - არამხოლოდ მოსკოვსა და პეტერბურგში, არამედ ციმბირში და სხვა შორეულ ადგილებში. ჩემს ახალგაზრდობაში საბჭოთა საელჩოში ვიზის მიღება ძალიან რთული იყო, მით უმეტეს ისეთი როკ-ვარსკვლავისთვის, როგორიც ახალგაზრდობაში ვიყავი. ამიტომ ახლა ძალიან მიხარია, რომ რუსეთში ჩამოსვლა ნებისმიერ დროს შემიძლია" - ამბობს ბრეგოვიჩი.

შეკვეთილში დაგეგმილი კონცერტი ბალკანელი მუსიკოსისთვის რიგით მესამე იქნება, იგი საქართველოში 2007 და 2012 წლებში იმყოფებოდა.

myquiz