სპექტაკლები, რომლებიც მაისის თვეში არ უნდა გამოტოვოთ | Allnews.Ge

სპექტაკლები, რომლებიც მაისის თვეში არ უნდა გამოტოვოთ

თეატრი ის დაწესებულებაა, სადაც დროს სასიამოვნოდ, მშვიდად გაატარებ და თან დადებითი ემოციებით დაიმუხტები. ქართულ საზოგადოებას თეატრი განსაკუთრებულად უყვარს. ამას ადასტურებს ისიც, რომ ქართული თეატრალური სივრცე დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. არსებობს რამდენიმდე დიდი თეატრი, რომელიც წლებია დაუვიწყარ სპექტაკლებს სთავაზობენ მაყურებელს. მეორე მხრივ კი, უფრო და უფრო მტკიცედ იმკვიდრებენ თავს შედარებით პატარა და ახალი თეატრები. შედეგი კი ცალსახაა, საქართველოში თეატრისადმი სიყვარული მზარდი პროცესია.

აქვე გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების აღწერას, რომელიც მაისის თვეში თეატრებშია დაგეგმილი.

"ჩემი გაზაფხულის შემოდგომა"

21 და 25 მაისს გაბრიაძის თეატრში გაიმართება სპექტაკლი "ჩემი გაზაფხულის შემოდგომა". ეს არის ისტორია დიდი გულის მქონე პატარა ჩიტ ბორია გადაიზე. მოქმედება ომის შემდგომ ქუთაისში ვითარდება. მეარღნე ვარლამის სიკვდილის შემდეგ ბორია ბებია დომნას ცხოვრებაში ერთადერთ იმედად რჩება. მიუხედავად იმისა რომ თავად არ სურდა, ის ქურდობას იწყებს, უყვარდება მშვენიერი ნინელი და მრავალი სახიფათო თუ საინტერესო თავგადასავლის გმირი ხდება. ეს არის დროისა და სივრცის მიღმა არსებული, სიყვარულით, სინათლითა და სითბოთი სავსე ამბავი, რომელიც მაყურებელს რეზო გაბრიაძის ბავშვობის ქალაქის მოგონებებსა თუ ოცნებებში ამოგზაურებს. სპექტაკლი თოჯინური ოსტატობის, ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვისა და ავტორისათვის ძვირფასი მოგონებების მაგიურ ნაზავს წარმოადგენს. პიესის ავტორი, რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი რეზო გაბრიაძეა.

ბილეთები შეიძინეთ აქ

"მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი"

27 და 28 მაისს გაბრიაძის თეატრში ნახავთ სპექტაკლს „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი’’. ეს არის კომედია სიყვარულზე. მოქმედება მე-19 საუკუნეში ვითარდება. გენერალი, თავადი ვანო ფანტიაშვილი მოულოდნელად იღებს დეპეშას, რომელიც აცნობებს, რომ პარიზში გარდაიცვალა ყველას მიერ დავიწყებული ბიძა – მარშალ დე ფანტიე. თავადს კი უზარმაზარი, ფანტასტიკური ზომის, 9 747 კარატიანი ბრილიანტი დაუტოვა მემკვიდრეობით. მის მისაღებად თავადი ფანტიაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად პარიზში მიემგზავრება, სადაც იწყება თავგადასავლები, ინტრიგები და რა თქმა უნდა, გენერლის ცხოვრებაში შემოდის პირველი ამაღლებული სიყვარული. პიესის ავტორი, რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი რეზო გაბრიაძეა.

ბილეთები შეიძინეთ აქ

"სტალინგრადი"

20 და 26 მაისს გაბრიაძის თეატრში საშუალება გაქვთ, ნახოთ სპექტაკლი „სტალინგრადი“, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ბრძოლას ასახავს, მაგრამ ის სამხედრო შეტაკებებსა თუ გმირულ შეტევებზე არ არის. სპექტაკლი სიცოცხლეზე, სიყვარულსა და ადამიანებზეა – წითურ ბიჭუნაზე, რომელიც ბრძოლის წინ იგებს, რომ საცოლემ უღალატა და სხვას მიყვება ცოლად; ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ელოდება ქმრის დაბრუნებას და ბავშვის აკვანთან ჩუმად მღერის; დედა ჭიანჭველაზე, რომელიც ჯარისკაცის ჩექმისაგან დაღუპულ საკუთარ შვილს დასტირის; საფორანე ცხენ ალიოშაზე, რომელსაც ცირკის ცხენი ნატაშა შეყვარებია...

სხვადასხვა პერსონაჟის მიერ მოყოლილი ისტორიები მაყურებლის ცნობიერებაში ერთიანდება და ომის საშინელების შეგრძნებასთან ერთად, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების მუდმივი ზეიმის შეგრძნებას ტოვებს. პიესის ავტორი, რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი რეზო გაბრიაძეა.

ბილეთები შეიძინეთ აქ

"კიდევაც დაიზრდებიან" 19 და 20 მაისს პანტომიმის თეატრში გაიმართება სპექტაკლი "კიდევაც დაიზრდებიან". ამოდის ვაზი, ქართველი კაცის სიცოცხლისა და ბედნიერების სიმბოლო. მის ზრდასთან ერთად მოდის სიყვარული. ქალ-ვაჟი ჯვარს იწერს. მალე ბედნიერ ოჯახს ბიჭი შეეძინება, ბავშვს ნათლავენ. ამ დროს საქართველოს მტერი შემოესევა. ხალხი განსაცდელშია. დედა ღმერთს შესთხოვს უშველოს მის პირმშოს, მაგრამ ამაოდ. ეკლესია ინგრევა და მის ნანგრევებში ბავშვი იღუპება.

დასაფლავების დღეს დედა შვილს იტაცებს, ტყეში მიჰყავს, მთელი ღამე უმღერის. დედის შემზარავი გოდება „იავნანა“ ბავშვს აცოცხლებს. მოდის მშვიდობიანი ცხოვრების ხანა. მინდორში გუთანი მოსჩანს. გლეხები შრომობენ და კვლავ განგაშის ხმა, რომელიც ომის დაწყებას აუწყებს ხალხს. მამაკაცებს ომში ისტუმრებენ. მარტოდ დარჩენილი ქალები ქმრებსა და შვილებს ელოდებიან. ბრძოლის ველიდან კი უმხედროდ ბრუნდებიან ცხენი. განადგურებული ქართველი კაცის ცხოვრებას ისევ დედის „იავნანა“ და ვაზის უკვდავება უბრუნებს სიცოცხლეს, ბედნიერებას, ქორწილს, ნათლობას.

ბილეთები შეიძინეთ აქ:

myquiz