მწერალი, რომლის ნაწარმოებები ყველაზე მეტ ენაზეა ნათარგმნი | Allnews.Ge

მწერალი, რომლის ნაწარმოებები ყველაზე მეტ ენაზეა ნათარგმნი

ლეგენდარული ამერიკელი მწერლის უილიამ ფოლკნერის ნაწარმოებები ქართველი მკითხველში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ფოლკნერი მიიჩნევა ახალი ამერიკული პროზის ოსტატად, რომელიც 20-იან წლებში ჯერ ევროპაში გახდა ცნობილი, ხოლო 30-იანებში - მთელს მსოფლიოში. წერდა როგორც რომანებს, ასევე მოთხრობებს, ლექსებს, ესსეებსა და სცენარებს. ფოლკნერის წერის სტილი გამოირჩევა დიქციისთვის შერჩეული გრძელი, წყვეტილი ფრაზებით, მისი თანამედროვე და ხანგრძლივი მოწინააღმდეგის, ერნესტ ჰემინგუეის მინიმალისტური სტილისგან კონტრასტულობით.

გამომცემლობა "პალიტრა L"- ის სერიის "ჩემი რჩეული მსოფლიო" ფარგლებში იწყებს ფოლკნერის ნაწარმოებების გამოცემას, რომელიც 6 წიგნად გამოვა. სერიის პირველი ნაწარმოები არის "დროშები მტვერში". რომანი ფოლკნერმა 1948 წელს გამოსცა. რომანის მთავარი გმირი აფროამერიკელი ფერმერი ლუკას ბიჩემია, რომელიც შეცდომით თეთრკანიანის მკვლელობაშია ბრალდებული. ათავისუფლებენ შავ და თეთრკანიანი მოზარდებისა და ერთ-ერთი კეთილშობილური ოჯახიდან გამოსული - გაუთხოვარი ქალბატონის დახმარებით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილიდანაა.

წიგნი ფოლკნერის, როგორც სამხრეთელი მწერლის, ერთგვარი პასუხია რასობრივი პრობლემის საკითხზე, რომელსაც აშშ-ს ამ მხარეში ხშირად დგებოდა.

1949 წელს ფოლკნერს 50 ათასი დოლარი გადაუხადეს ამ რომანის ეკრანიზაციის უფლების სანაცვლოდ. ფილმი რეჟისორმა კლარენს ბრაუნმა გადაიღო - ფოლკნერის მშობლიურ ქალაქ ოქსფორდში.

რომანის გამოცემიდან 1 წლისთავზე უილიამ ფოლკნერმა ნობელის პრემია მიიღო _ ლიტერატურის დარგში - "ამერიკულ რომანებში მისი ძლიერი და მხატვრულად თვითმყოფადი ღვაწლისათვის". ჯილდო მას 1950 წელს გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე გადასცეს, იმ წლის ნობელის პრემიის ლაურეატ ბერტრან რასელთან ერთად. ფოლკნერს ეჯავრებოდა ის ცნობადობა, რაც მას პრემიის მიღებამ მოუტანა. ჯილდოსადმი მისი არაკეთილგანწყობილება იმდენად დიდი იყო, რომ მისმა 17 წლის ქალიშვილმა მამის წარმატების შესახებ სკოლის დირექტორისგან შეიტყო.

აღსანიშნავია, რომ ნობელის ფონდიდან მიღებული თანხის ერთი ნაწილი ფოლკნერმა ახალგაზრდა მწერლების მხარდამჭერი ფონდის ჩამოყალიბებაში დახარჯა, მეორე ნაწილით კი ახლომდებარე რასტის კოლეჯის აფროამერიკელ მასწავლებლებს განათლების მიღებაში დაეხმარა.

ფოლკნერის ნაწარმოებებისადმი ინტერესი დღემდე არ ცხრება. ის ყველაზე მეტ ენაზე თარგმნილი ამერიკელი მწერალია. საქართველოში პირველად პალიტრა L-ის ინიციატიცით ითარგმნა და გამოიცემა ფოკლნერის რომანი "სასახლე". უილიამ ფოლკნელმა ეს რომანი 1959 წელს გამოსცა. ფლემ სლიო, რომანის მთავარი გმირი სასახლეში სახლდება. "სასახლეში" გარდაუვალი და საშიში მოვლენები ვითარდება, რომლებიც შეძრავს მთელ იოკნაპატოფის მხარეს. რომანი ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის არისტროკრატთა ტრაგედიას ეძღვნება, რომელნიც ორჭოფობენ - შეინარჩუნონ ღირსება, ძალაუფლების წარსული შეხედულებები და დარჩნენ სიღარიბეში,თუ გაწყვიტონ წარსულთან კავშირი და გაერთიანდნენ საქმოსანთა შორის, რაც მოკლე დროში დიდი, (მაგრამ არასუფთა) ფულის შოვნის პერპექტივას იძლევა.

წიგნის მთარგმნელი პაატა ჩხეიძე:

ყოველთვის მინდოდა ფოლკნერს შევჭიდებოდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს ერთგვარად გამოწვევა იქნებოდა ჩემთვის. დიდი მწერლების შემოქმედების სათარგმნელად - ფოლკნერი კი უდაოდ მათ რიცხვს მიეკუთვნება - ერთად-ერთ გასაღებს უნდა მიაგნო. თუ ეს მოახერხე, კარს გააღებ და მისი სახლის, ანუ რომანების ყველა ოთახს მოივლი. თუ ამ გასაღებს ვერ მიაგნებ, ჩაკეტილ კარს ვერ გააღებ - გაწვალდები; ხან ერთი ფანჯრიდან შეეცდები შესვლას, ხან - მეორედან და ასე შეიძლება კისერიც მოიტეხო. ამ რომანის გასაღები საკმაოდ ძნელად მისაგნებ ადგილას აღმოჩნდა დამალული, - მაგრამ, ჩემი აზრით, მოვახერხე ამ გასაღების პოვნა და მკითხველი განსჯის, - რამდენად კარგად დავათვალიერე ფოლკნერის შემოქმედებითი სახლი სახელწოდებით - "სასახლე".

უილიამ ფოლკნერი ყოვეთვის ცდილობს ადამიანი უფრო კარგი და უფრო სუფთა გახადოს. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ არის მისი ზოგიერთი გმირი ასე გადაგვარებული -სხვათაშორის ამ რომანშიც ჰყავს ასეთი გმირი - მან მიუგო: "მე საკმარისად მიყვარს ჩემი ქვეყანა, რათა მისი ნაკლულოვნების გამოსწორება მინდოდეს და ჩემი ნიჭი და მოწოდება ერთად-ერთ გზას მიჩვენებს, - ნამუსში ჩაგდება, გაკრიტიკება, მასში არსებულ ცუდსა და კარგს შორის განსხვავების ჩვენება; შევახსენო ადამიანებს, რომელბიც სიმდაბლეზე თვალს ხუჭავენ, რომ მათი წინაპრები შესანიშნავ, დიდებულ საქმეებს ჩადიოდნენ. თუ ჩემს ქვეყანაზე მხოლოდ კარგს დავწერ, ეს ნიშნავს რომ ცუდი ოდნავაც არ გამოსწორდება. ადამიანებს ცუდზე უნდა ვუამბო, რათა საკმარისად გაბრაზდნენ, ან შერცხვეთ და ეს ცუდი გამოასწორონ." 

-დიდხანს მუშაობდით ამ თარგმანზე?

-დაახლოებით 3 თვის განმავლობაში, დღეში 12-14 საათი ვმუშაობდი.დაახლოებით 35 წიგნი მაქვს ნათაგრმნი და აღმოვაჩინე, რომ მათ შორის "სასახლე" ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლობელია ჩემთვის ამჟამად.

სერიის ფარგლებში ფოლკნერის კიდევ რამდენიმე ნაწარმოების გამოცემა იგეგმება, რომლის შესახებაც ინფორმაციას მკითხველი უახლოეს მომავალში მიიღებს.

თინათინ შავლაძე

myquiz