ოჯახის წევრებთან ერთად სანახავი ფილმები | Allnews.Ge

ოჯახის წევრებთან ერთად სანახავი ფილმები

უქმე დღეებში ყველაზე კარგი განტვირთვა, ალბათ, ოჯახთან ერთად კარგი ფილმების ნახვაა. თუმცა, სამუშაო დღეებშიც შეიძლება, საღამოს 2 საათი მოპაროთ და ოჯახის წევრებთან ერთად პოზიტიური ფილმები ნახოთ. მოკლედ, მოიმარაგეთ პოპკორნი, მოიხმეთ ტელევიზორთან ოჯახის წევრები და დაიწყეთ!

Allnews.ge ფილმების მოყვარულებს 10 საოჯახო ფილმს გთავაზობთ.

1. ოქტომბრის ცა / October Sky - თუკი, გსურთ უქმეების შემდეგ, კვირა მოტივირებულად დაიწყოთ ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ. 19 წლის ჯეიკ ჯილენჰოლის არაჩვეულებრივი შესრულება ნამდვილად გაგაოცებთ, ხოლო ფილმის სიუჟეტი ნამდვილად დაიმსახურებს თქვენს ყურადღებას. ეს არის მეოცნებე ბიჭის ისტორია, რომელიც მეშახტე მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, NASA-ს მეცნიერი გახდება.

2. ჰაერის მეფე / Air Bud - საოცრად ემოციური ფილმი, ძაღლი ბადის შესახებ.

უიღბლო და სასტიკ ჯამბაზს გამოქცეული ბადი 11 წლის ბიჭს, ჯოშს დაუმეგობრდება. აღმოჩნდება, რომ ბადი არაჩვეულებრივად თამაშობს კალათბურთს. შედეგად, იგი ჯოშისა და სკოლის კალათბურთის გუნდის თილისმა გახდება.

3. ჰუგო / Hugo - საოცარი სამსახიობო გუნდი, თავგადასავლებით სავსე სცენარი და შეუდარებელი რეჟისორი, ეს ყველაფერი ერთ ფილმში.

დიახ, ეს მხოლოდ მარტინ სკორსეზეს შეუძლია. ფილმი, გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ. ობოლი ჰუგოს შეუპოვრობა და სახალისო ისტორიები თქვენ და თქვენს ოჯახს პოზიტიურ განწყობას ნამდვილად შეგიქმნით.

4. პატარა მის ბრწყინვალება / Little Miss Sunshine - ოჯახი ხომ ოცნებებთან, თანაგრძნობასთან, ბედნიერებასთან და თანადგომასთან ასოცირდება.

სწორედ ამ ფილმშია თავმოყრილი ყველა ეს ელემენტი. კომედიური ჟანრის, ძალიან სახალისო ფილმი, 2 საათით მაინც დაგავიწყებთ ყოველდღიურობას. ოლივიას ოცნების ახდენაში მონაწილეობას მთელი ოჯახი იღებს. ერთი შეხედვით მარტივი საოჯახო კომედია ძალიან კარგ და მნიშვნელოვან მესიჯებს შეიცავს, ამიტომ, აუცილებლად ნახეთ ეს ფილმი ოჯახთან ერთად.

5. ჩემი მფარველი ანგელოზი / My Sister’s Keeper - იდეალურ ოჯახში პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც შვილს ლეიკემიის დიაგნოზს დაუსვამენ.

ქალიშვილის გადასარჩენად, მშობლებს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, რომელიც სასამართლო პროცესამდე მიიყვანს საქმეს და ოჯახის ერთიანობას დიდი საფრთხეს შეუქმნის. ეს არის ძალიან ემოციური ფილმი, ძალიან კარგი სამსახიობო გუნდით.

6. კრამერი კრამერის წინააღმდეგ / Kramer VS Kramer - სანამ ფილმის სიუჟეტის გენიალურობაზე მოგითხრობთ, გვერდს ვერ ავუვლით სამსახიობო გუნდს.

მერილ სტრიპი და დასტინ ჰოფმანი, ამით ალბათ ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ არანაკლებ მოწონებას, ფილმში გადმოცემული ისტორია იმსახურებს. ეს ის ფილმია, რომელიც ოჯახთან ერთად აუცილებლად უნდა ნახოთ.

7. კარგი დინოზავრი / The Good Dinosaur - მოქმედება დედამიწის ალტერნატიულ ვერსიაზე ხდება, სადაც დინოზავრები არ გადაშენებულან და პლანეტაზე ცხოვრებას აგრძელებენ.

ამბავი მოგვითხრობს პატარა აპატოზავრ არლოზე, რომელიც შემთხვევით მოსწყდება ოჯახს და სახლში დასაბრუნებლად მისტიკური მიწის გარშემო მოგზაურობს. არლო შემთხვევით დაუმეგობრდება ადამიანს, სახელად სპოტს და სახლისკენ დასაბრუნებელი გზის ძიებას მასთან ერთად გააგრძელებს.

8. კიკის მიტანის სერვისი / Kiki’s Delivery Service - ანიმეების ნამდვილი ღმერთის, ჰაიაო მიაძაკის პოზიტიური და თავგადასავლებით სავსე სურათი.

პატარა ჯადოქარი დამოუკიდებელ ცხოვრებას ოჯახისგან შორს იწყებს, რადგან ასეთია ტრადიციული გზა ნამდვილი ჯადოქრობისკენ. კიკის სახალისო ისტორია, ნამდვილად კარგი არჩევანია, საღამოს ოჯახთან ერთად გასატარებლად.

9. ჩარლი და შოკოლადის ქარხანა /Charlie And The Chocolate Factory – ტიმ ბარტონის ჯადოსნური სამყარო გიხმობთ.

ეს არის ფილმი ოცნებების ახდენის შესახებ, საოჯახო სითბოსა და სიყვარულის შესახებ და რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ეს არის ფილმი სიკეთის გამარჯვებაზე.

10. მზის იმპერია / Empire Of The Sun - ჩვენი სიის ბოლოს სახალისო ფილმი ვერ მოხვდა.

თუმცა, 13 წლის ქრისტიან ბეილის საოცარი სამსახიობო ოსტატობა იმსახურებს, ამ ათეულში მოხვედრას. ეს არის ფილმი მოზარდის თვალით დანახული ომის შესახებ. როდესაც იაპონელებმა შანხაი აიღეს ჯიმი თავის ოჯახის წევრებს კარგავს და საკუთარ თავზე ზრუნვა, ომის ქარ-ცეცხლში მარტოს უხდება.

myquiz