"იმისთვის, რომ გავუგოთ პუტინს, საჭიროა გავუგოთ რუსეთს" | Allnews.Ge

"იმისთვის, რომ გავუგოთ პუტინს, საჭიროა გავუგოთ რუსეთს"

"ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი მსოფლიოში" - ფილმი ამ სახელით CNN-ის ჟურნალისტმა, ფარიდ ზაკარიამ გადაიღო და ის კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს მიუძღვნა. ფილმის ჩვენება ამერიკულმა ტელეკომპანიამ 13 მარტს მოაწყო. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს სწორედ პუტინს უწოდებს და არა ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირს დონალდ ტრამპს, ამის მიზეზად კი რუსეთის პირველი პირის ხელში კონცენტრირებულ ძალაუფლებას ასახელებს, რაც მისი ამერიკელი და ჩინელი კოლეგების გავლენასაც აღემატება.

ფილმისადმი ინტერესი კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც გააღვივა, როდესაც ჯერ კიდევ მის პრემიერამდე განაცხადა, რომ 45-წუთიანი მატერიალი "რუსეთის დემონიზაციისკენ" იყო მიმართული. თუმცა პესკოვის განმარტებით, ავტორმა რუსულ მხარეს აზრის გამოთქმის საშუალება მისცა.

დოკუმენტურ ფილმში ხელისუფლების სათავეში პუტინის მოსვლაა ასახული, აქვე ქრონოლოგიურადაა ნაჩვენები 1980 წლის შემდეგ რუსეთში განვითარებული მოვლენები.

ავტორმა მთავარ ექსპერტებად რუსეთის პოლიტიკის მცოდნე ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტები გამოიყენა მათ შორის იულია იოფე, მაშა გესენი და The New Yorker-ის მთავარი რედაქტორი დევიდ რემნიკი. რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას ფილმში მისი პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი წარმოადგენდა.

დოკუმენტური ფილმის მიხედვით, პუტინს ხალხის ეშინია - მან ნახა დრეზდენში გამართული დემონსტრაციები 1989 წელს. ახლა ამ შიშს კონტროლით თრგუნავს.

მის კონტროლს ექვემდებარება ყველაფერი მედიის ჩათვლით.

პოლიტიკაში სუს-იდან მოვიდა და ძალაუფლებაზე ოცნებობდა. ის ქვეყანას სათავეში მაშინ ჩაუდგა, როდესაც ელცინი ცეკვავდა და არაადეკვატურად იქცეოდა, ქვეყანას კი ახალი ლიდერი სჭირდებოდა. რუსეთმა პუტინი შეიყვარა, ისევე როგორც ბუშმა და ჰოლივუდმა, კლინტონი კი ვერ იტანდა, თუმცა თაფლობის თვემ ჩაიარა.

2011 წელს "არაბული გააფხული" დაიწყო. პუტინს შეეშინდა, რომ კადაფის ბედს გაიზიარებდა. რუსებში აგრესიას იწვევდა, რომ პუტინი პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდებოდა და დუმის არჩევნების ფალსიფიკაციის შემდეგ, მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. პუტინმა საპროტესტო აქციების ორგანიზებაში კლინტონი დაადანაშაულა. კრემლის ლიდერმა ქვეყნის პირველი პირის თანამდებობისთვის განმეორებითი "ბრძოლისა" და გამარჯვების შემდეგ ცრემლიც კი გადმოაგდო თუმცა არ დაივიწყა, რომ კლინტონმა მას მახე დაუგო. დემოკრატებზე ჰაკერული თავდასხმაც პირადი სიძულვილიდან გამომდინარე მოაწყო.

2015 წელს ნემცოვი მოკლეს, რომელიც პუტინის გულმხურვალე კრიტიკოსად ითვლებოდა.

რუსეთის ისტორიაში კრიზისებისა და სანქციების პერიოდიც დადგა, თუმცა ქვეყნის პირველმა პირმა ყველა სირთულე დაძლია. პუტინს შეეძლო ეთქვა, რომ რუსეთს ძველი დიდება დაუბრუნა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ტრამპის ლოზუნგია. იმისთვის, რომ გავუგოთ პუტინს საჭიროა გავუგოთ რუსეთს. სამამულო ომის, საბჭოთა კავშირის ნგრევისა და ელცინის ეპოქის სემდეგ, პუტინმა რუსეთს სტაბილურობა დაუბრუნა. პუტინს ესმის რუსეთის, თუმცა მას მსოფლიოსიც ესმის, ეს კი მანიპულირების საშუალებას აძლევს. მაგრამ ესმის თუ არა ტრამპს პუტინის? ასეთია ფილმის ავტორის რიტოტიკული კითხვა, რომელსაც მაყურებელს უტოვებს.

myquiz