"მძევლები" ბერლინალეზე: "თვითმფრინავის ბიჭების" ისტორია კინოფესტივალზე მოხვდა | Allnews.Ge

"მძევლები" ბერლინალეზე: "თვითმფრინავის ბიჭების" ისტორია კინოფესტივალზე მოხვდა

ბერლინის 67-ე კინოფესტივალეზე ქართველი რეჟისორის მიერ შექმნილი ფილმის "მძევლების" მსოფლიო პრემიერა გაიმართა. რეზო გიგინეიშვილის ნამუშევარს 1980-იანი წლების საბჭოთა კავშირში განვითარებული ერთი კონკრეტული მოვლენა უდევს საფუძვლად.

ეს ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რომელის შექმნაში მონაწილეობა საქართველოს პარალელურად რუსეთმა და პოლონეთმაც მიიღო, თუმცა, სურათის მთავარი ღირსება ეს სულაც არ არის.

გმირები თუ ბოროტმოქმედები - "თვითმფრინავის ბიჭებზე" დასმულ ამ მარადაქტუალურ კითხვაზე უკვე ევროპის მასშტაბით ფიქრობენ.

"მძევლების" სიუჟეტსა და მოვლენების განვითარების ქრონოლოგიას საქართველოში კარგად იცნობენ, ამაზე დათო ტურაშვილმა ჯერ პიესის შექმნით, შემდეგ კი იმავე დასახელების წიგნის გამოქვეყნებითაც ხელი შეუწყო.

1983 წელს 7 კაციანმა ჯგუფმა, რომელთა შორის მომავალი მსახიობი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი და ექიმებიც იყვნენ, ტუ-134 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელიც რეისს თბილისი-ბათუმი ასრულებდა. წინასწარშემუშავებული გეგმის თანახმად, ახალგაზრდებს თვითმფრინავი თურქეთში უნდა დაესვათ და ევროპაში გაქცეულიყვნენ, თუმცა მათ ჩანაფიქრს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. ისინი, ვინც აეროპორტში სპეცსამსახურების შტურმს გადაურჩა, ბრალდებულების სკამებზე აღმოჩნდნენ და ცხოვრება ფატალურად დაასრულეს.

რეჟისორი პროექტზე 7 წლის განმავლობაში მუშაობდა, სწავლობდა დოკუმენტებს, ესაუბრებოდა მოწმეებსა და მოვლენის მონაწილეებს.

"რა თქმა უნდა, დაკითხვის პროტოკოლების კითხვა, პილოტთან, გამცილებელთან ან გამტაცებლის დედასთან საუბარი დიდ ემოციურ დანახარჯს მოითხოვს.

რაც უფრო მეტს ვისმენდი, მეტად ვხვდებოდი, რომ ყველა მათგანს საკუთარი სიმართლე აქვს.

აქ შეუძლებელია დაადანაშაულო და  ეს არც არის საჭირო, ამ შემთხვევაში უნდა გაანალიზო და სცადო გაიგო"-აღნიშნა რეზო გიგინეიშვილმა.

ფილმ "მძევლების" სცენარი თავად რეზო გიგინეიშვილმა, მწერალ ლაშა ბუღაძის თანაავტორობით დაწერა.

ფილმი ძირითადად ახალგაზრდა მსახიობებითაა დაკომპლექტებული, თუმცა აქ ისეთი ვეტერანებიც თამაშობენ, როგორიც მერაბ ნინიძეა, რომელმაც ერთ-ერთი გამტაცებლის მამის როლი მოირგო.

იქიდან გამომდინარე, რომ ისტორიის დასასრული თითქმის ყველასთვის ცნობილია, ფილმში აქცენტი მოულოდნელობის ეფექტის ნაცვლად, ესთეტიკასა და მოვლენების განვითარების დინამიკაზეა გაკეთებული.

myquiz